მამუკა მდინარაძე - ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისთან დამონტაჟებული კამერის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ „მთავარის“ ოპერატორი არანაირ უგონო მდგომარეობაში არ ყოფილა, როგორც ამას ნიკა გვარამია აცხადებდა [ვიდეო]
მამუკა მდინარაძე - ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისთან დამონტაჟებული კამერის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ „მთავარის“ ოპერატორი არანაირ უგონო მდგომარეობაში არ ყოფილა, როგორც ამას ნიკა გვარამია აცხადებდა [ვიდეო]

ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ დამონტაჟებულია კამერა, სადაც ჩანს, რომ „მთავარის“ ოპერატორი კამერასთან ერთად გადააადგილდება და არანაირ უგონო მდგომარეობაში არ ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა „მთავარ არხს“, გაავრცელოს კადრები, „რომელიც აქვთ და მალავდნენ“.

„ვაგრძელებთ „ნაცმოძრაობისა“ და მისი ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის, ნიკა გვარამიას ამორალური ტყუილის მხილებას. ალბათ გახსოვთ, ორი დღის წინ ჩვენმა თანაგუნდელმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მედიასაშუალებების მიერ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, ზიზღის ენასა და მანიპულაციაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიასა და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი გუშინდელი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას და ზიზღს, ასევე მანიპულაციას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული „ბუკეტი“, რაზეც ვისაუბრეთ ორი დღის წინ. გუშინ გვარამიას ერთ-ერთ ჩართვაში წამოსცდა, რომ ოპერატორი კი არ გადმოაგდეს, არამედ გადმოვარდა, თუმცა ასეთი წამოცდენა შეიძლება, ისედაც იყოს. კადრები, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ… ქარელში, ჩვენი ოფისის წინ არის კამერა, რომელმაც გადაიღო გარკვეული ეპიზოდი. გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში, ასევე ამბობდა, როდესაც სასწრაფოში რეკავდა ბექა ყორშია, ოპერატორი მაშინაც იყო უგონო მდგომარეობაში. ხედავთ კადრში ოპერატორს, რომელიც გადააადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილის მხილება, რათა მოხდეს მანიპულაცია, მოატყუოს გვარამიამ საზოგადოება, თითქოს ოპერატორი იყო უგონო მდგომარეობაში, ამ დროს გადააადგილდება. არის კადრები, რა დროსაც ბექა ყორშია სავარაუდოდ, რეკავს სასწრაფოში და ამ დროს ოპერატორი კამერით ხელში გადააადგილდება.

რაც შეეხება კადრებს, გუშინ „მთავარ არხს“ მოვუწოდე და სანამ მოვუწოდებდი, ის ორი კადრი, რაც ჩვენ გვქონდა, რომლებიც სამწუხაროდ, არ ასახავდნენ ვარდნის მომენტს და მოვყევით, როგორ იყო, ოპერატორი უკანა სვლით მიდიოდა და მასთან ფიზიკური შეხება არავის ჰქონია, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც მოაჯირს წამოედო და კიბის ზედა საფეხურზე დაეცა, არანაირ მეორე სართულზე გადაგდება არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდე „მთავარ არხს“, გაევრცელებინა ის კადრები, რაც ჰქონდა და დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი კადრები არსებობს, რადგან კამერა იღებდა იმ მომენტშიც, როდესაც მოაჯირს წამოედო ოპერატორი, თუმცა, შემდეგ „მთავარი არხის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაზიანდა აპარატურა და მასალა ჩაწერილი არ არის.

წარმოუდგენელია, ერთი წუთით ადრე, მასალა, რომელიც უკვე გაავრცელეს, არსებობდეს და გადავარდნის შემდეგ ისე დაზიანდეს, რომ წამებით ან წუთით ადრე მოიჭრას, ხოლო დანარჩენი დარჩეს. ჟურნალისტებმა გაცილებით კარგად იცით, ჩიპის ასეთი დაზიანება წარმოუდგენელია. საქმე გვაქვს იმასთან, რომ რეალობის დამალვისა და საზოგადოების მოტყუების მიზნით დაიმალა კონკრეტული კადრები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „მთავარ არხს“, გაავრცელოს ის კადრები, რომელიც მათ აქვთ და რომელსაც მალავდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.