დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების, მათ შორის ლიეტუვას განსაკუთრებულ მხარდაჭერას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა და ევროკავშირის მიდგომა “მეტი მეტისთვის” საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო რელევანტურია. ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

საუბრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.