დალია გრიბაუსკაიტე - რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, არ მიეცა საკმარისი საერთაშორისო შეფასება, 2008 წლის ომი ჩვენთვის გაკვეთილი იყო
ომი უკრაინაში, რუსეთის სხვა აგრესიული ქმედებები და გაზრდილი საფრთხე, ეს 2008 წლის გაკვეთილია, – ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„2008 წლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესიული ნაბიჯები უკრაინაში, სირიაში და მილიტარიზაცია კალინინგრადში, დასავლეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის საკმაოდ აგრესიული სამხედრო წვრთნები ბელარუსის საზღვართან. საქართველო იყო ქვეყანა, რომელმაც პირველი დარტყმა მიიღო 2008 წელს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ევროპაში არავინ არასდროს შეეგუება საქართველოს ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ასევე აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომი ჩვენთვის გაკვეთილი იყო“, – აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, იმას, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, არ მიეცა საკმარისი საერთაშორისო შეფასება და ყველამ იფიქრა, რომ ეს იყო მცირე ინციდენტი, ერთჯერადი ქმედება, რომელიც არ განმეორდებოდა, მაგრამ, მისივე თქმით, საპირისპირო მოხდა.
„ჩვენ ვნახეთ ომი უკრაინაში, რუსეთის სხვა აგრესიული ქმედებები და გაზრდილი საფრთხე. დიახ, ეს 2008 წლის გაკვეთილია. გაკვეთილია იმის, რომ აგრესორს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, მისი ქმედებები უნდა შეფასდეს. რას ვხედავთ ახლა? რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას. ეს არის ის ნაბიჯები და ის რეაქცია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ უნდა გვქონოდა“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
მისივე თქმით, არავის ეგონა, რომ 2008 წლის მოვლენებს სხვა ქვეყნებში ექნებოდა გაგრძელება.
„ბევრს ეგონა, რომ რუსეთი არ გადადგამდა აგრესიულ ნაბიჯებს მეზობლების მიმართ, არ დაარღვევდა საერთაშორისო კანონმდებლობას, სამართლის ნორმებს, პრინციპებს და საერთაშორისო შეთანხმებებს. ჩემი აზრით, ეს იყო დიდი შეცდომა. შეცდომა იყო ის, რომ აგრესორი დროულად ვერ გავაჩერეთ. დღესდღეობით ეს არის გაყინული კონფლიქტი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გაყინული კონფლიქტი გვაქვს მსოფლიოში. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება. ძირითადად, ეს რუსეთზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ან ის, ვინც მის შემდეგ იქნება, რა გზას აირჩევს რუსეთის ხელისუფლება მეზობლების მიმართ, მათი სურვილი იქნება მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება თუ მეზობელი სახელმწიფოების გავლენის სფეროებად დაყოფა და მათზე დომინანტის სტატუსი. ასევე, დამოკიდებულია საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რამდენად ერთიანი იქნება საერთაშორისო საზოგადოება, როგორ განახორციელებს ზეწოლას და რა სახის სანქციები იქნება რუსეთის წინააღმდეგ“, – განუცხადა პირველ არხს დალია გრიბაუსკაიტემ.