დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან მეორე დღეა, აქციას მართავენ
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან მეორე დღეა, აქციას მართავენ

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მეორე დღეა, აქციას მართავენ.

ისინი ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. საქმეზე, რომელშიც დგებუაძე ფიგურირებს, გამოძიება მიმდინარეობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით.

დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დღემდე სხეულში ორი ტყვია რჩება.

როგორც ვლადიმერ დგებუაძე ამბობს, პოლიცია ითხოვს ბესიკ დგებუაძისგან დაასახელოს, თუ ვინ ესროლა, თუმცა მის შვილს ეს ინფორმაცია არ აქვს.

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, შეუძლოდ გახდა ბესიკ დგებუაძის დედა და მას ადგილზე შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.