მეცხრე ეტაპის გაუქმების შემდეგ, რალი-რეიდ “დაკარზე” მე-10 ეტაპი გაიმართა და მოტოციკლების კლასში ლიდერი ისევ შეიცვალა.
წინა ლიდერი ადრიენ ვან ბევერენი ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე დაეცა და ლავიწის ძვალი გაიტეხა, ამის გამო რალი რეიდს გამოეთიშა.
სხვა ლიდერებს ნავიგაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ – გზა აებნათ ხოან ბარედა ბორტს, კევინ ბენავიდესსა და ტობი პრაისს. უშეცდომო მხოლოდ ავსტრიელი მატიას ვალკნერი იყო, რომელმაც კონკურენტებს 40-50 წუთი მოუგო. ის გენერალური კლასიფიკაციის ახალი ლიდერია და ბარედა ბორტს 40 წუთს უგებს.
ავტომობილების კლასში ისევ “პეჟოს” პილოტები დომინირებდნენ. სტეფან პეტერანსელმა კარლოს საინსს 13 წუთი მოუგო და გენერალურ კლასიფიკაციაში მათ შორს სხვაობა 50 წუთამდე შემცირდა.
ამ მარცხის მიუხედავად, საინსი “დაკარის” მთავარ ფავორიტად რჩება.