„დაკარი 2018“ - „პეჟოს“ ჰეთ-თრიკი მეორე ეტაპზე
„დაკარი 2018“ - „პეჟოს“ ჰეთ-თრიკი მეორე ეტაპზე

2018 წლის „დაკარზე“ მეორე ეტაპი გაიმართა, რომელიც პერუს ტერიტორიაზე გადიოდა და მისი სიგრძე 267 კილომეტრს შეადგენდა.

ეტაპის ტრიუმფატორი ფრანგული საჯინიბო „პეჟო“ გახდა, რომელმაც სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა კონკურენტებს. ამ გუნდის სამი ეკიპაჟი სირილ დეპრეს, სტეფან პეტერანსელისა და სებასტიან ლოების მეთაურობით, სწორედ ასეთი თანმიმდევრობით პირველები მივიდა ფინიშთან. დეპრემ 48 წამით აჯობა მოქმედ ჩემპიონ პეტერანსელს, ხოლო ლოებმა სამი წუთი წააგო.

ამ ტრიუმფის შემდეგ, „პეჟო“ საერთო ჩათვლაშიც დაწინაურდა. პირველია დეპრე და მას ნახევარი წუთით ჩამორჩება პეტერანსელი. შემდეგ მოდის “ტოიოტას” სამხრეთაფრიკელი წევრი ჯინიელ დე ვილიერსი (ჩამორჩენა ლიდერებთან ხუთწუთნახევარი). ლოებმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო პირველი ეტაპის მომგები ნასერ ალ-ატიია მეექვსე პოზიციამდე დაქვეითდა.

მოტოციკლთა კლასში მეორე ეტაპზე ესპანელი ხოან ბარედა ბორტი იყო ყველაზე სწრაფი. „ჰონდას“ წევრმა თითქმის სამი წუთი მოუგო უახლოეს მდევარს და ახლა, გენერალური კლასიფიკაციის ლიდერია.

რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონსა და პირველი ეტაპის გამარჯვებულს, ბრიტანელ სემ სანდერლენდს, მეორე ეტაპზე მან მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა და საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზეა.