„დაგეგმილია, სათამაშოების კონტროლის სპეციალური სტრუქტურა ჩამოყალიბდეს“
სათამაშოები განიხილება, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი პროდუქტი და ასეთი პროდუქტების კონტროლის განმახორციელებელ უწყებად დაგეგმილია, ზედამხედველობის სპეციალური სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, მარინა ბაიდაურმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„როგორც ამ ეტაპზე მოიაზრება, ეს სტრუქტურა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა იყოს. პარალელურად, უნდა შემუშავდეს ევროდირექტივის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც სათამაშოებთან დაკავშირებით ნორმებს დაარეგულირებს“, – განაცხადა მარინა ბაიდაურმა.
პირველი არხის ჟურნალისტის, მარიამ სეთურიძის შეკითხვაზე, რატომ არ კონტროლდება სამედიცინო დაწესებულებებში ბავშვთა ხელოვნური საკვების რეკლამირება და საჩუქრად გადაცემა, მარინა ბაიდაურმა განაცხადა, რომ ბავშვთა ხელოვნური საკვების რეკლამირებისთვის, საჩუქრად გადაცემისა და ყოველგვარი წახალისებისთვის კანონის დონეზე აკრძალვა არსებობს, მაგრამ ამ დრომდე არ არსებობს აღსრულების მექანიზმი.
„არსებობს აკრძალვა, რომ ბავშვთა ხელოვნური საკვების მიმწოდებლებმა სამედიცინო დაწესებულებები რეკლამისთვის არ გამოიყენონ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დრომდე აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, რომ კანონის დამრღვევთა მიმართ ქმედებები განხორციელდეს. მიმდინარეობს მუშაობა, როგორ მოხდეს აღსრულება, ვინ რა ჯერადობით უნდა გააკონტროლოს, დასჯის რა მექანიზმები უნდა შემუშავდეს და ა.შ“, – განაცხადა ბაიდაურმა.