მიგვაჩნია, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები შედარებით უძრავი ობიექტებია — მოთავსებულია გალაქტიკის შუაგულში და ყველაფერი მის გარშემო მოძრაობს.
თუმცა, ყოველთვის ასე არ არის. ასტრონომებმა აღმოაჩინეს სუპრმასიური შავი ხვრელის მტკიცებულება, რომელიც არა მხოლოდ სამყაროში მოძრაობს, არამედ საკუთარ გალაქტიკაშიც გადაადგილდება. მართალია, ამის მიზეზი ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ შესაძლო ახსნები ფრიად ამაღელვებელია.
„მიგვაჩნია, რომ სუპერმასიურ შავ ხვრელთა უმეტესობა არ მოძრაობს; როგორც წესი, ისინი ერთ ადგილას არიან გაწოლილი“, — განმარტავს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომი დომინიკ პესკე.
მისივე თქმით, ისინი უბრალოდ იმდენად მასიურები არიან, რომ მიჩნეულია, გადაადგილება არ უნდა შეეძლოთ. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნებოდა ფეხბურთის ბურთის ნაცვლად ამ თამაშში ბოულინგის ბურთს რომ ურტყამდეთ. ამ შემთხვევაში კი, „ბოულინგის ბურთის“ მასა ჩვენი მზისას რამდენიმე მილიონჯერ აღემატება. ნამდვილად უმძლავრესი დარტყმა დაგჭირდებათ.
მოხეტიალე სუპერმასიურ შავ ხვრელთა დაფიქსირება ადვილი საქმე არ არის, თანაც ჩვენგან მილიონობით და მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე; ასეთ შორ მანძილზე მოძრავი ობიექტის დაფიქსირება, თუნდაც ის სუპერმასიური შავი ხვრელი იყოს, ურთულესია.
პესკე და მისი ჯგუფი ფიქრობს, რომ ალბათ გარკვეულწილად გაუმართლათ, რადგან იკვლევდნენ ე. წ. მეგამაზერის ტიპის გალაქტიკურ ბირთვს. ეს კი გახლავთ აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელის ტიპი, რომელსაც აქვს მასში ჩამდინარე გაზისა და მტვრის აკრეციული დისკო, რომელიც ამ დროს დიდი ოდენობით სიცხესა და სინათლეს გამოყოფს.
მეგამაზერის შემთხვევაში, ამ ფორმულას დამატებითი ინგრედიენტიც ემატება: ისეთი მოლეკულები, როგორებიც არის ჰიდროქსილი, წყალი, ფორმალდეჰიდი და მეთინი, რომელიც ბირთვის სიკაშკაშეს მიკროტალღურ ტალღის სიგრძეებში უფრო აძლიერებს.
ძალიან გრძელი ბაზისის ინტერფერომეტრიის სახელით ცნობილი მეთოდის გამოყენებით, რომელიც ერთი დიდი თეფშის მიბაძვისთვის აერთიანებს რადიოტელესკოპთა ანტენების ქსელის წარმოებულ დაკვირვებებს — ამ მეგამაზერების სიჩქარეების გაზომვა დიდი სიზუსტით არის შესაძლებელი.
პესკე და მისი კოლეგები იმედოვნებდნენ, რომ კონკრეტულად წყლის შემცველი მეგამაზარების შესწავლით, გამოავლენდნენ სუპერმასიურ შავ ხვრელთა სხვადასხვა სიჩქარეებით მოძრაობას გალაქტიკების ცენტრში.
„დავსვით კითხვა: არის თუ არა შავ ხვრელთა სიჩქარეები იგივე, რაც იმ გალაქტიკების, რომლებშიც ისინი არიან მოთავსებული? ვვარაუდობდით, რომ მათაც იგივე სიჩქარე ჰქონდათ. თუ ასე არ არის, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შავი ხვრელი ‘შეშფოთებულია’“, — ამბობს პესკე.
ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა 10 მეგამაზერი და შემდეგ, შავი ხვრელის მოძრაობის მონაცემები მთლიანი გალაქტიკისას შეადარა. აღმოჩნდა, რომ ცხრა მათგანი სრულად შეესაბამებოდა ჩვენს მოლოდინებს, რომელთა მიხედვითაც, სუპერმასიური შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრში იმალება, როგორც ობობა აბლაბუდაში.
თუმცა, ერთ მათგანს განსხვავებული ქცევა აღენიშნებოდა. ჩვენგან 228 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სპირალურ გალაქტიკას, სახელად J0437+2456-ს აქვს დაახლოებით 3 მილიონი ჩვენი მზის მასის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც დანარჩენი გალაქტიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სიჩქარით მოძრაობს.
ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, სუპერმასიური შავი ხვრელის სიჩქარე დაახლოებით 4810 კილომეტრი წამშია. მეორე მხრივ ირკვევა, რომ, გალაქტიკის ნეიტრალური წყალბადი 4910 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება. ვარსკვლავებისა და გაზის მოძრაობათა დაკვირვებებზე დაყრდნობით, გალაქტიკის შიდა რეგიონის გადაადგილების სიჩქარე წამში 4860 კილომეტრია.
ვინაიდან ყველა ეს მაჩვენებელი ერთმანეთისგან ფრიად განსხვავდება და გალაქტიკის მთლიანი სიჩქარის სტრუქტურა საკმაოდ რთული ჩანს, ძნელია დაზუსტებით იმის თქმა, რატომ ირხევა იქ ასე ყველაფერი.
არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა. გალაქტიკა შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა მასიურ ობიექტთან, მაგალითად, სხვა გალაქტიკასთან. სუპერმასიური შავი ხვრელი შეიძლება სხვა სუპერმასიურ შავ ხვრელს შეეჯახა, წარმოიქმნა უკუსვლის დარტყმა და მისი პოზიციის ცვლილება; რხევა შეიძლება წარმოადგენდეს გალაქტიკისა და შავი ხვრელის მცდელობას, რომ მიიღონ სასურველი პოზიცია.
ასევე არ არის გამორიცხული, შავ ხვრელს უხილავი ბინარული კომპანიონი ჰყავდეს და ორი ობიექტი გალაქტიკის ბირთვში არსებულ გრავიტაციის საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მოლოდინის მიხედვით, ასეთი წყვილები კოსმოსში უხვად უნდა არსებობდეს, მეცნიერებს ბინარული (ორმაგი) შავი ხვრელების აშკარა მაგალითი ჯერ არ გამოუვლენით“, — ამბობს პესკე.
მისივე თქმით, გალაქტიკა J0437+2456-ში შეიძლება სწორედ ასეთ წყვილს ვხედავდეთ, ოღონდ მეორე შავს ხვრელს ჩვენი რადიოდაკვირვებები ვერ აფიქსირებდეს, რადგან მას მაზერის გამოსხივება არ გააჩნდეს.
რაც არ უნდა იყოს, უკუსვლის დარტყმა თუ ბინარული კომპანიონი, მაინც გასაოცარი ახალი ამბავია ასტროფიზიკისთვის. სუპერმასიურ შავ ხვრელთა შესახებ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუნდაც ის, როგორ გაიზარდნენ ისინი ამხელები, ანდაც შეუძლიათ თუ არა ბინარულ შავ ხვრელებს მათ შორის არსებულ მანძილში საბოლოო პარსეკის მანძლის დაძლევა, ანუ ერთმანეთთან ერთ პარსეკზე ახლო მანძილზე მისვლა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება ბინარულ შავ ხვრელთა არსებობის ან მათი შერწყმის მტკიცებულების პოვნა.
დიდებული ამბავია ჩვენი ირმის ნახტომისთვისაც: გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს სუპრმასიურ შავ ხვრელთან, ანდრომედას გალაქტიკის სუპერმასიურ შავ ხვრელთან შერწყმამდე მილიარდობით წელი გვაშორებს, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ჩვენი გალაქტიკის სუპერმასიურმა შავმა ხვრელმა, სახელად მშვილდოსანი A*-მ უახლოეს მომავალში გალაქტიკაში მოძრაობა დაიწყოს.
ჯგუფს იმედი აქვს, რომ ამ გალაქტიკაზე უფრო მეტი დაკვირვება მისი ამ უცნაური ქცევის უფრო ზუსტ მიზეზებს გვაპოვნინებს.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია cfa.harvard.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.