დაფიქსირებულია ირმის ნახტომში წარმოქმნილი უმძლავრესი სიგნალები, რომლებიც აქამდე მხოლოდ გალაქტიკის გარედან მოდიოდა — #1tvმეცნიერება
პირველად ისტორიაში, ასტროფიზიკოსებმა ჩვენს გალაქტიკაში წარმოქმნილი კოსმოსური რადიოტალღების ანთება დააფიქსირეს და მისი წყაროც დაადგინეს. ამის შესახებ იუწყება ახალი კვლევა, რომელიც სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს სრულიად ახალ სინათლეს ჰფენს.
სწრაფი რადიოსიგნალების ანთება (FRB) წარმოადგენს რადიოგამოსხივების ძლიერ ნათებას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მილიწამის განმავლობაში გრძელდება; ისინი პირველად 2007 წელს დააფიქსირეს და მას შემდეგ, ასტრონომთათვის დიდ თავსატეხად იქცა.
ეს სიგნალები ძირითადად ექსტრაგალაქტიკურია, ანუ მოდის ჩვენი გალაქტიკის გარედან, მაგრამ 2020 წლის 28 აპრილს, მსოფლიოს მრავალმა ტელესკოპმა დააფიქსირა კაშკაშა სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) ირმის ნახტომის ერთსა და იმავე ზონაში.
საბედნიეროდ, შეძლეს წყაროს დადგენაც — მაგნეტარი, სახელად SGR 1935+2154.
მაგნეტარები ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავებია, სამყაროს ყველაზე მაგნიტური ობიექტები; ასტრონომები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ ამ სიგნალების წყარო სწორედ ისინი გახლდათ.
თუმცა, ამ აღმოჩენის შედეგად, ასტრონომებმა ამის დამტკიცება პირველად შეძლეს.
ერთ-ერთი, ვინც ეს ანთება შენიშნა, იყო აშშ-ის პროგრამა „გარდამავალ ასტრონომიულ რადიოსიგნალთა გამოსხივება 2“ (STARE2) და მისი ხელმძღვანელი კრისტოფერ ბოჩენეკი; მისი განცხადებით, სულ რაღაც მილიწამის განმავლობაში, მაგნეტარმა იმდენი ენერგია გამოყო, რასაც მზის რადიოტალღები 30 წამში გამოყოფს.
მისივე თქმით, ანთება იმდენად კაშკაშა იყო, რომ თეორიულად, თუკი ნედლი მონაცემების ჩაწერა თქვენი მობილურის 4G LTE მიმღებით შეგეძლებოდათ და გეცოდინებოდათ რას ეძებთ, ტელეფონით „იპოვიდით ამ სიგნალებს, რომლებმაც თითქმის ნახევარი გალაქტიკა გამოიარეს“.
ბოჩენეკი ამბობს, რომ ენერგია იგივე იყო, რაც გალაქტიკის გარედან მოსული სწრაფი რადიოსიგნალების შემთხვევაში, რაც აძლიერებს მოსაზრებას, რომ ექსტრაგალაქტიკურ სიგნალთა უმეტესობის წყაროც მაგნეტარებია.
ყოველდღიურად სავარაუდოდ 10 000-მდე FRB ხდება, მაგრამ ეს მაღალენერგიული ტალღები პირველად მხოლოდ 2007 წელს დააფიქსირეს.
მას შემდეგ, ისინი ცხარე დებატების საგანია და მათი წყაროს დადგენისკენ გადადგმული ყოველი მცირე ნაბიჯი ასტრონომებში დიდ მღელვარებას იწვევდა.
ერთ-ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ მომენტალურ ანთებათა ძებნა ურთულესია, რადგან არ იცი, სად ეძებო.
მათი წარმოების შესახებ გაჩნდა მრავალი თეორია, მათ შორის იყო — სუპერნოვები და ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც წარმოადგენს მასიური ვარსკვლავის კოლაფსის შედეგად დარჩენილ მკვრივ ბირთვს.
გაჩნდა უფრო ეგზოტიკური მოსაზრებაც, რომელიც ასტრონომებმა მალევე უარყვეს — თითქოს ისინი არამიწიერ ცივილიზაციათა მიერ გამოგზავნილი სიგნალები იყო.
ახალი აღმოჩენა კოსმოსური და მიწისპირა ტელესკოპების მონაცემთა გაერთიანების შედეგად გაკეთდა.
ამერიკულმა ტელესკოპმა STARE2-მა და კანადურმა CHIME-მ ანთება მაგნეტარს დაუკავშირა.
იმავე დღის ბოლოს, ცის ამ რეგიონზე დაკვირვება დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა რადიოტელესკოპმა, ჩინურმა ხუთასმეტრიანმა FAST-მა.
ამ ტელესკოპის ასტრონომები უკვე აქტიურად აკვირდებოდნენ მაგნეტარს, რომელიც აქტიურ ფაზაში იყო შესული და რენტგენულ და გამა-გამოსხივების ანთებებს გამოყოფდა.
თავად FAST-ს სწრაფ რადიოსიგნალთა ანთება არ შეუმჩნევია, მაგრამ დააფიქსირა მაგნეტარისგან მომავალი მრავალი რენტგენული ანთება, რამაც წარმოშვა ახალი კითხვები იმის შესახებ, რატომ იყო მაგნეტართან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ანთება.
კეიპტაუნის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსების, ამანდა უელტმენისა და ენტონი უოლტერსის განცხადებით, FRB-ს დაკავშირება მაგნეტართან, პოტენციურად ხსნის საკვანძო ამოცანას.
თუმცა, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აღმოჩენა გზას უხსნის ახალ კითხვებს, მათ შორის, რა მექანიზმით უნდა წარმოიქმნებოდეს „ასეთი კაშკაშა, ჯერ კიდევ იშვიათი რადიოანთებები რენტგენულ თანამოძმეებთან ერთად?“
„ერთ-ერთი შესაძლებლობა გახლავთ ის, რომ მაგნეტარისგან მომდინარე ანთება მიმდებარე გარემოს ეჯახება, რაც შოკურ ტალღას წარმოქმნის“, — წერენ მკვლევრები და იქვე დასძენენ, რომ ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ასტრონომიაში საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებას და სხვადასხვა ტიპის სიგნალების მონიტორინგის აუცილებლობას.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.