შორეულ გალაქტიკაში, ასტრონომებმა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მტვრისა და გაზის ნიშნები დააფიქსირეს.
ამაში უჩვეულო არაფერია. ეს ვარსკვლავისა და მისი პლანეტური სისტემის განვითარების სრულიად ნორმალური ეტაპია. აღმოჩენა მხოლოდ იმით არის ზედმეტად განსაკუთრებული, რომ პირველი ასეთი სისტემაა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის მიღმა, სხვა გალაქტიკაში დაინახეს.
წარმონაქმნი მაგელანის დიდ ღრუბელში შენიშნეს, ირმის ნახტომიდან დაახლოებით 179 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა თანამგზავრ გალაქტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ვარსკვლავთა ფორმაციის პროცესი უნივერსალურია, ამ დროისათვის ჯერ არ შეგვიძლია ამ პროცესის დაფიქსირება ირმის ნახტომს მიღმა, სხვა გალაქტიკებში.
„როდესაც ტელესკოპ ALMA-ს მონაცემებში პირველად დავინახე მბრუნავი სტრუქტურის მტკიცებულება, ვერ ვიჯერებდი, რომ პირველი ექსტრაგალაქტიკური აკრეციული დისკო აღმოვაჩინეთ, განსაკუთრებული მომენტი იყო. ცნობილია, რომ ჩვენს გალაქტიკაში დისკოები გადამწყვეტია ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოსაქმნელად. ამ შემთხვევაში, ჩვენ ისტორიაში პირველად ვხედავთ ამის პირდაპირ მტკიცებულებას სხვა გალაქტიკაში“, — ამბობს დარემის უნივერსიტეტის ასტრონომი ანა მაკლეოდი.
ვარსკვლავები იბადებიან ვარსკვლავთშორის სივრცეში დაკიდებული მოლეკულური გაზისა და მტვრის ღრუბლებში არსებულ მკვრივ შეჯგუფებებში. როდესაც გროვა შეჯგუფება საკმარისად მკვრივდება, საკუთარი გრავიტაციითვე კოლაფსირდება; იწყებს ბრუნვას და მის გარშემო არსებული მატერიის ღრუბლიდან უფრო მეტის შეწოვას. თუმცა, ეს მატერია მხოლოდ პროტოვარსკვლავში როდი ცვივა; ვარსკვლავის ეკვატორის გარშემო დისკოს ფორმას იღებს და ვარსკვლავში უფრო კონტროლირებულად, სტაბილური ნაკადის სახით ჩაედინება, როგორც წყალი სადრენაჟო ჭაში.
მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი ფორმირებას დაასრულებს, დისკოსგან მორჩენილი მასალები იქვე რჩება, ჯგუფდება და პლანეტური სისტემის ყველა სხვა დანარჩენ ელემენტს წარმოქმნის: პლანეტებს, ასტეროიდებს, კომეტებს, მტვერს. სწორედ ამიტომ ბრუნავენ მზის სისტემის პლანეტები მზის გარშემო მეტნაკლებად ბრტყელ გეგმაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველა, მზის „საუზმის“ ნარჩენებისგან ვართ წარმოქმნილი.
ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრულ ტელესკოპთა კრებული (ALMA) უმძლავრესი რადიოტელესკოპია; ირმის ნახტომში მას რამდენიმე ასეთი დისკო აქვს გადაღებული, ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპზე. ზოგიერთ დისკოში მკაფიო ნაპრალებია, რომლებიც სავარაუდოდ, ახლად წარმოქმნილი პლანეტების ორბიტაზე მოძრაობის შედეგადაა გაჭრილი. თუმცა, ირმის ნახტომს გარეთ, ასეთი წარმონაქმნების შენიშვნა გაცილებით რთულია უმძლავრესი ტელესკოპებითაც კი.
მაკლეოდმა და მისმა კოლეგებმა ექსტრაგალაქტიკური ვარსკვლავური დისკოების ძებნის კამპანია ინსტრუმენტ MUSE-ის (Multi Unit Spectroscopic Explorer) მონაცემებში დაიწყეს; ეს ინსტრუმენტი ჩილეში მდებარე ძალიან დიდ ტელესკოპზეა (Very Large Telescope) დამონტაჟებული. შედეგად, სისტემაში, რომელსაც HH 1177 ჰქვია, ჭავლის ნიშნები დააფიქსირეს.
ესეც ვარსკვლავის წარმოქმნის ხელწერაა: ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო მორევივით მბრუნავი მატერიის ნაწილი მაგნიტური ველის ხაზებს მისი პოლუსებისკენ გადააქვს, საიდანაც ის კოსმოსში მძლავრი ჭავლის სახით იტყორცნება.
მკვლევრებს სურდათ ენახათ, შეამჩნევდნენ თუ არა დისკოს ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონის მტვრიან გულში; ამიტომ, ბრუნვის ნიშნების შესამჩნევად, ტელესკოპი ALMA გამოიყენეს. ამის დანახვა შესაძლებელია სინათლის ტალღის სიგრძეებში, როდესაც ისინი მოკლდება იმის გამო, რომ მისი წყარო ჩვენკენ მოემართება და გრძელდება, როდესაც ის ჩვენგან საპირისპიროდ მიდის, ანუ გვშორდება.
„სინათლის სიხშირე იმის მიხედვით იცვლება, რამდენად სწრაფად მოძრაობს შუქის გამომყოფი გაზი ჩვენი მიმართულებით ან ჩვენგან საპირისპიროდ. ზუსტად ეს ფენომენი ხდება მაშინ, როდესაც სასწრაფოს სირენის ხმა იცვლება თქვენთან მოახლოებისას და ჩავლისას — თანდათან უფრო ხმამაღლა გესმით, შემდეგ კი წყნარდება“, — ამბობს ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯონათან ჰენშოუ.
ALMA-ს მონაცემებმა ასეთი ბრუნვის აშკარა ნიშნები აჩვენა. როგორც ანალიზებმა ცხადყო, ვარსკვლავი ძლიერ ახალგაზრდა და მასიურია, ჯერ კიდევ იკვებება გარშემო მბრუნავი დისკოდან, რაც საკმაოდ ნორმალურია. თუმცა, ირმის ნახტომში აღმოჩენილი პროტოვარსკვლავური დისკოებისგან ერთი რამ განასხვავებს — HH 1177-ის დისკო ოპტიკურ ტალღის სიგრძეებშიც ჩანს.
მკვლევართა განცხადებით, ამის მიზეზი მაგელანის დიდი ღრუბლის ვარსკვლავთშორისი გარემო უნდა იყოს. იქ გაცილებით ნაკლები მტვერია და ამიტომ, ვარსკვლავ HH 1177-ს არ ფარავს მატერიის ის „ფარდა“, რომელიც ირმის ნახტომშია ხოლმე ჩამოფარებული ახალგაზრდა ვარსკვლავებს.
სწორედ ამიტომ არის აღმოჩენა შესასწავლად მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ როგორ იბადებიან ვარსკვლავები ჩვენგან განსხვავებულ გარემოში, არამედ იმ შეზღუდვების გასაგებადაც, რომლებიც ამ გარემოში შეიძლება იყოს ვარსკვლავთა წარმოქმნის დროს.
„ასტრონომიული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ვცხოვრობთ. ძლიერ ამაღელვებელია, როდესაც ასე სხვანაირ და შორეულ გალაქტიკაში ვარსკვლავების წარმოქმნის შესწავლის საშუალება გაქვს“, — აღნიშნავს მაკლეოდი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.