დადგინდა, საიდან მოიტანეს უძველესმა მშენებლებმა სტოუნჰენჯის გიგანტური ლოდები — #1tvმეცნიერება
სტოუნჰენჯი, ნეოლითური საოცრება სამხრეთ ინგლისში, ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს უკვე საუკუნეების საგონებელში აგდებს თავის მრავალი საიდუმლოთი — როგორ ააშენეს? რა დანიშნულება ჰქონდა? საიდან მოიტანეს ქვიშაქვის უზარმაზარი ლოდები?
ბოლო კითხვას შეიძლება ბოლოსადაბოლოს გასცა პასუხი ახალმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც, ქვიშაქვის ამ უზარმაზარი ლოდების, იგივე სარსენების უმეტესობას საერთო წარმოშობის ადგილი აქვს — ვესტ-ვუდსიდან 25 კილომეტრით დასავლეთით, ზონა, რომელიც საკმაოდ გამოირჩეოდა პრეისტორიული აქტივობით.
ეს აღმოჩენა აძლიერებს თეორიას, რომლის მიხედვითაც, სტოუნჰენჯის მეგალითები დაახლოებით ერთსა და იმავე დროს არის მიტანილი — ძვ. წ. 2500 წლისთვის, მონუმენტის მშენებლობის მეორე ფაზაში, რაც თავის მხრივ იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ მისი მშენებლები ძლიერ ორგანიზებული საზოგადოებიდან იყვნენ.
აღმოჩენა ასევე ეწინააღმდეგება წინა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, ერთი დიდი სარსენი, სახელად Heel Stone, ძეგლის უშუალო სიახლოვიდან არის და სხვებზე ადრეა აღმართული.
კვლევის ავტორის, ინგლისის ბრაიტონის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორის, დევიდ ნეშის განცხადებით, მან და მისმა ჯგუფმა სარსენების ანალიზის ახალი მეთოდი მოიგონეს. ამ ლოდების, ანუ სარსენების სიმაღლე ცხრა მეტრამდეა, წონა კი 30 ტონამდე აღწევს.
ლოდების ქიმიური შემადგენლობის ანალიზისათვის მათ პირველ რიგში გამოიყენეს პორტატული რენტგენული სხივები. მათ 99 პროცენტს სილიციუმის დიოქსიდი შეადგენს, მაგრამ ასევე შეიცავს რამდენიმე სხვა ელემენტის კვალსაც.
„ამან კი გვიჩვენა, რომ ქვების უმეტესობას ერთნაირი ქიმიური შემადგენლობა აქვს, რამაც მიგვახვედრა, რომ ჩვენ წინაშე იყო ერთი მთავარი წყაროდან მოტანილი ქვები“, — ამბობს ნეში.
ამის შემდეგ, მათ შეისწავლეს 1958 წელს საერსტავრაციო სამუშაოების დროს აღებული ქვების ნიმუშები.
მას-სპექტრომეტრის მოწყობილობის საშუალებით, ამ ქვებს მათ გაცილებით დახვეწილი ანალიზები ჩაუტარეს. ეს მოწყობილობა გაცილებით მეტ ელემენტს აფიქსირებს უფრო დიდი სიზუსტით.
ამის შემდეგ, მიღებული ხელწერა შეადარეს ამ დანალექოვანი ქანების 20 შესაძლო წყაროს ადგილისას; ყველაზე ახლოს დაემთხვა ვესტ-ვუდსისა და უილტშირის ნიმუშებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე სტოუნჰენჯსა და „ოვერტონ-ვუდსს“ (ვესტ-ვუდსის ძველი სახელი) მხოლოდ მე-17 საუკუნის ინგლისელი ბუნების ფილოსოფოსი ჯონ ობრი აკავშირებდა ერთმანეთთან.
წინა კვლევათა შედეგად დადგენილია, რომ სტოუნჰენჯის უფრო პატარა, ცისფერი ქვები 200 კილომეტრით დასავლეთიდან, უელსიდან არის მოტანილი; ახალი კვლევის მიხედვით კი, ისინი და სარსენები ერთ დროს არის მოტანილი.
„შესაბამისად, იმ დროისათვის უზარმაზარი ძალისხმევა უნდა გაეწიათ. სტოუნჰენჯი სხვადასხვა ადგილებიდან მოტანილი მასალების ერთგვარი შერწყმის ადგილია“, — ამბობს ნეში.
თუმცა, უცნობია, როგორ უნდა გადაეტანათ ადრეულ ბრიტანელებს 30-ტონიანი ლოდები 25 კილომეტრის მოშორებით. ერთ-ერთი მოსაზრებით, მეგალითები მათ მარხილებით გადაათრიეს. ასევე უცნობი რჩება ძეგლის მნიშვნელობაც.
„ვფიქრობ, ჩვენ წინაშეა ძალიან ორგანიზებული საზოგადოების ნახელავი“, — აღნიშნავს ნეში.
მისივე თქმით, რატომ მაინცდამაინც ვესტ-ვუდსი — ამის მიზეზი უბრალოდ პრაგმატიზმი უნდა ყოფილიყო, რადგან ის ერთ-ერთი უახლოესი ადგილია.
ეს ზონა ასევე გამოირჩეოდა ადრეული ნეოლითური აქტივობებით.
აქ მდებარეობს უძველესი სამარხი ყორღანი, წრიული მოხატულობა მიწაზე, პრეისტორიული დამუშავებული მინდვრები, სადაც ახლა ტყეა გვხვდება ქვები, რომლებსაც უძველესი ქვის ცულების გასალესად იყენებდნენ.
ნეშის განცხადებით, მკვლევართა ჯგუფის მიერ მიგნებულ მეთოდს შეუძლია პასუხი გასცეს სხვა არქეოლოგიურ კითხვებსაც, მაგალითად, გავიგოთ ის გზა, რომელიც ლოდების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს. მისი ჯგუფი ამ მეთოდის გამოყენებას ბრიტანეთის სხვა მსგავს ძეგლებზეც გეგმავს.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.