სტოუნჰენჯის სიახლოვეს ორმოებისგან წარმოქმნილი გიგანტური წრიული სტრუქტურა აღმოაჩინეს
სტოუნჰენჯის სიახლოვეს ორმოებისგან წარმოქმნილი გიგანტური წრიული სტრუქტურა აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში, სტოუნჰენჯის სიახლოვეს მომუშავე არქეოლოგებმა თხრილებისგან წარმოქმნილი გიგანტური წრის ნაწილი აღმოაჩინეს; მისი ასაკი დაახლოებით 4500 წელია და სავარაუდოდ, ხალხს წმინდა ადგილებისაკენ მიუთითებდა ან პირიქით, აფრთხილებდა, რომ მათგან შორს დარჩენილიყვნენ.

სხვადასხვა ტექნოლოგიის, მათ შორის გეორადარისა და უშუალოდ ძეგლიდან აღებულ ნიმუშთა ანალიზის კომბინაციით, მკვლევრებმა 20 ასეთი ორმო იპოვეს, რომლებიც დაახლოებით ორი კილომეტრის დიამეტრის წრეს კრავდნენ. მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ეს გახლავთ ისეთი მონუმენტის კვალი, რომლის მსგავსიც ჯერ არ უნახავთ.

წრის ცენტრში მდებარეობს ცნობილი პრეისტორიული ძეგლები — არინგტონ-უოლსი და ვუდჰენჯი. გვერდით მდებარეობს კიდევ ერთი ძეგლი, სახელად ლარკჰილის ქვაფენილიანი ზღუდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თხრილები განზრახ და ფრთხილად იყო განლაგებული; შესაძლოა, ლარკჰილი მისი ჭიშკარიც კი იყო.

„დანალექები შეიცავს გარემოს აქამდე უცნობი ინფორმაციის მდიდარ და მომაჯადოებელ არქივს. დათარიღების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია სტოუნჰენჯის ბოლო 4000 წლის ლანდშაფტის დეტალური ამბავი დავწეროთ“, — ამბობს გაერთიანებული სამეფოს სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ტიმ კინაირდი.

ორმოები ათასობით წლის განმავლობაში ბუნებრივად არის ამოვსებული; დიამეტრი 10 მეტრამდეა, სიღრმე კი 5 მეტრს აღწევს. თავიდან ისინი ბუნებრივი წარმონაქმნები ეგონათ, მაგრამ რადარული სკანირების თანამედროვე ტექნოლოგიები და მაგნიტომეტრი აჩვენებს, რომ ისინი ხელოვნურად არის ღრმად და პირდაპირ გათხრილი.

არქეოლოგთა აზრით, სულ გათხრილი უნდა ყოფილიყო 30-მდე ორმო, თუმცა აღმოჩენილია მხოლოდ ათი მათგანი, რადგან ამ ზონაში არსებულ თანამედროვე განაშენიანების გამო, დანარჩენის იდენტიფიცირება რთულია.

რადიონახშირბადული დათარიღებისთვის გამოიყენეს ზოგიერთი ორმოდან ამოღებული ძვლები და კაჟის ქვები, ასევე გარკვეული დანალექები. უფრო რთულია იმის დადგენა, რისთვის გამოიყენებოდა ეს თხრილები, მაგრამ ახლა,როცა ორმოები უკვე გამოვლენილია, სამომავლო კვლევათა ფარგლები საკმაოდ დიდია.

„როგორც ადგილი, სადაც სტოუნჰენჯის მშენებლები ცხოვრობდნენ და ზეიმობდნენ, დარინგტონ-უოლსი საკვანძო ძეგლია სტოუნჰენჯის უფრო ფართო ლანდშაფტის ამბის გასარკვევად; ეს გასაოცარი აღმოჩენა ახალი ინფორმაციას გვთავაზობს ნეოლითის პერიოდის ჩვენი წინაპრების ცხოვრებისა და რწმენების შესახებ“, — ამბობს არქეოლოგი ნიკ სნაშელი.

ამ ცნობებს შორის არის ახალი პერსპექტივა იმის შესახებ, რამდენად კარგი ინჟინრები იყვნენ რამდენიმე ათასწლეულის წინ სალისბერის ვაკის გარშემო მცხოვრები ნეოლითური ხალხი. ეჭვგარეშეა, რომ ეს ორმოები ჭკვიანური გათვლებისა და ინჟინერიის გარეშე ვერ გაითხრებოდა.

დარინგტონ-უოლსიდან 3,2 კმ-ში მდებარეობს თავად სტოუნჰენჯი, მათემატიკისა და საინჟინრო ძალაუფლების კიდევ ერთი საოცრება, რომელიც იმავე პერიოდშია აგებული ალბათ იმავე ხალხის მიერ.

ეს სახელგანთქმული სტრუქტურა საკვირველი მანიშნებელია ამ ზონაში ნეოლითის პერიოდში მცხოვრები ხალხის ცხოვრების წესისა.

მართალია, სხვადასხვა მიზნებით ორმოების თხრის ტრადიცია ათასობით წელიწადს ითვლის, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ ასეთი რამ აქამდე არასოდეს უნახავთ. ამ იდუმალი ორმოების შესახებ დამატებით ცნობებს ალბათ სამომავლო კვლევები მოგვაწვდის.

„აშკარად დახვეწილი ნამუშევრები აჩვენებს, რამდენად ახლოს იყო ეს ხალხი ბუნებრივ მოვლენებთან, რასაც თანამედროვე მსოფლიოში იშვიათადღა ვხედავთ“, — ამბობს სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი რიჩარდ ბეიტსი.

კვლევა ჟურნალ Internet Archaeology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.