ახალი გენეტიკური ანალიზების მიხედვით, აფრიკული სპილო სინამდვილეში არა ერთ, არამედ ორ სახეობას მოიცავს. შედეგად, სპილოს სახეობები სამამდე გაიზარდა.
სპილოს გენომის ამ დრომდე ყველაზე დეტალური შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა გაარკვიეს შეჯვარებისა და ევოლუციური კომპლექსური ისტორია როგორც დღევანდელ სამ სახეობას, ისე მათთან დაკავშირებულ სხვა წინაპრებს, მაგალითად, მამონტებსა და მასტოდონტებს შორის.
კვლევის ავტორი საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ზუსტად განისაზღვრა თანამედროვე სპილოების სახეობები, ამ კვლევაში გამოყენებული მიდგომა შესაძლოა, სამომავლოდ გამოსადეგი აღმოჩნდეს სხვა ცხოველთა ევოლუციური ხეების გამოსარკვევად.
„ჩვენ მიერ მიღებული ყველაზე საკვირველი შედეგი აღმოჩნდა სახეობათშორისი შეჯვარების ხარისხი“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ავსტრალიის ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ ადელსონი.
„ნამდვილად არ ველოდით, რომ გენების დინება იქნებოდა მამონტებს, მასტოდონტებსა და თანამედროვე სპილოების წინაპრებს შორის, მაგრამ ჩვენმა შედეგებმა ხშირი შეჯვარებები აჩვენა“, — აღნიშნავს ადელსონი.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს გადაშენებული თუ ამჟამად არსებული სულ შვიდი სხვადასხვა სახეობის გენომი. მათ შორის იყო სწორი ეშვების მქონე სპილოს გენომი, რომელიც 120 000 წლის წინ ბინადრობდა.
გენომების, ანუ დნმ-ის გეგმის ანალიზის შემდეგ, გამოიკვეთა გენთა დინების მტკიცებულება — გენეტიკურ სახესხვაობათა გავრცელება ცხოველის ერთი სახეობიდან მეორეში, შეჯვარების გზით. ამან კი მეცნიერებს თანამედროვე სპილოების წარმომავლობის გარკვევის საშუალება მისცა.
გარდა ამისა, ჯგუფმა დნმ-ის მარკერის ახალი მეთოდი გამოიყენა, რათა დაეჩქარებინა პროცესი, რომელიც არკვევდა, რომელი სახეობები იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ამავე მეთოდის გამოყენება სამომავლოდ ასევე შესაძლებელია სხვა ცხოველთა წინაპრების შესასწავლად.
„უძველესი სპილოებისა და მასტოდონტების გენომთა მონაცემების კომბინირებულმა ანალიზმა ფარდა ახადა სპილოს პოპულაციის ისტორიას, გამოავლინა კომპლექსურობა, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით“, — ამბობს კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევარი ჰენდრიკ პოინარი.
ნაცვლად სპილოთა დღემდე არსებული ორტოტიანი ოჯახური ხის მოდელისა, ახლა ვხედავთ გაცილებით კომპლექსურ სურათს, უფრო მეტ გენების დინებას და შეჯვარებას, ვიდრე ველოდით.
გარკვეული როლი ითამაშა იზოლაციამაც. აფრიკულ სპილოებში შეიძლება გამოვყოთ ორი ჯგუფი — ერთი მათგანი ტყეებში ბინადრობს, მეორე კი სავანებში. როგორც კვლევამ აჩვენა, მიუხედავად მათი გეოგრაფიული სიახლოვისა, გასული 500 000 წლის განმავლობაში ამ ორ ჯგუფს შორის გენთა დინება ან შეჯვარება არ ფიქსირდება.
როგორც ჩანს, გადაიჭრება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარე სამეცნიერო დებატები — მეცნიერები დიდი ხანია კამათობენ, არიან თუ არა აფრიკის სავანისა და ტყის სპილოები სინამდვილეში სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები.
კვლევის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ახალი კლასიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ სქელკანიანი ცხოველების მომავლის დაცვას, რადგან აფრიკული სპილოს ორივე სახეობის მიმართ გატარდება განსხვავებული საკონსერვაციო სამუშაოები.
ბრაკონიერები ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 სპილოს ხოცავენ. პოპულაციას საფრთხეს უქმნის საცხოვრებელი გარემოს დაკარგვაც. ამ მხრივ, სიტუაცია მართლაც რთულია. ზოგიერთი შეფასებით, სპილოების მსოფლიო პოპულაცია ადამიანებმა ნახევარი მილიონით შევამცირეთ.
დღეისათვის, სპილოები შეჯვარებისკენ ისე მიდრეკილი აღარ არიან, როგორც შორეულ წარსულში. მკვლევრებს სურთ, სამომავლო კვლევები სწორედ ამ საკითხს მიუძღვნან და გაარკვიონ, არის თუ არა ეს ევოლუციურად არახელსაყრელი მდგომარეობა.
„შეჯვარებამ შეიძლება ახსნას, რატომ იყვნენ მამონტები ასე წარმატებული ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ გარემოში და თანაც ამდენი ხნით. ეს გენომური მონაცემები ასევე გვეუბნება, რომ ბიოლოგია უწესრიგოა და ევოლუცია არ მოქმედებს ორგანიზებული, სწორხაზოვანი სახით“, — ამბობს კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევარი ჰენდრიკ პოინარი.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია mcmaster.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით