დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით გართულებების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ცენტრი განმარტავს, რომ მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნით შესაძლოა, ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს, ამიტომ მნიშნველოვანია თავის დაცვა სიცხის მავნე ზემოქმედებისგან. ამ მიზნით საჭიროა სიგრილის შენარჩუნება სახლში. ცენტრის რეკომენდაციებია:
- სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ.
- დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
- ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
- დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
- მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
- თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტიანად გამოიყენოთ ელექტროენერგია.
- ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
ცენტრი განმარატვს, რომ მნიშვნელოვანია თავის სიცხისგან არიდება, რისთვისაც რეკომენდებულია, რომ თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, დღის 2-3 საათი მაინც გაატაროს ადამიანმა გრილ ადგილას, მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება, უნდა ერიდონ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, ასევე მაღალ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას და თუ ეს აუცილებელია, მაშინ უნდა შესრულდეს დილით ყველაზე გრილი პერიოდში – 04:00 საათიდან 07:00 საათამდე. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა არ დატოვონ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სიცხეში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხეულის გრილად და ტენიანად შენარჩუნებას. ცენტრის რეკომენაციებია: გრილი შხაპი; ყინულის პაკეტები; ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი; ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე. ამასთან, მსუბუქი თეთრეული და არა ბალიში, რათა სიცხე არ დაგროვდეს.
ამასთან, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. კვება კი, ხშირად და მცირე ულუფებით. ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები ცხელ დღეებში რეკომენდებული არ არის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია: დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი; გადახურება, რომელმაც შესაძლოა, გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა.
რისკ ჯგუფებს კი, წარმოადგენენ 75 წლისა და ზემო ასაკის ხანდაზმულები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი, გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგალითად პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები; გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მათ შორის პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; ფიზიკურად აქტიური პირები (მაგალითად, მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები).
ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, თავბრუსხვევის, სისუსტის, თავის ტკივილის და სხვა გართულებების შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიიღოს, წყალი, მოთავსდეს გრილ ადგილზე და ასევე მიმართოს ექიმს.