საქართველოში დღეს ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს
საქართველოში დღეს ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42, მთიან რაიონებში 35-37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33-35 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34-39, მთიან რაიონებში კი 29-34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად. შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.