დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ვერ ვიტყვით, რომ თბილისში წითელა მასობრივად ვრცელდება
ვერ ვიტყვით, რომ თბილისში წითელა მასობრივად ვრცელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა, პირველ არხს განუცხადა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის დედაქალაქში წითელა მასობრივად გავრცელებული არ არის, დაავადების გავრცელების მაღალი საფრთხიდან გამომდინარე, აუცილებელია იმუნიზაცია.
„თბილისში წითელას 40-მდე შემთხვევა არის რეგისტრირებული, უმრავლესი მათგანი გარკვეულწილად უკავშირდება აჭარის შემთხვევებს, ან აჭარიდან წამოსული შემთხვევების შემდგომი გავრცელებაა. თბილისში ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული აუცრელი მოსახლეობა, როგოც ბავშვთა, ასევე მოზრდილ ასაკში“, – განმარტა ხათუნა ზახაშვილმა.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის თქმით, წითელას გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა დღეისთვის აჭარაში ფიქსირდება, თუმცა მისვე თქმით, დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებმა გავრცელების ტემპი შეამცირა.
„ჯერ ეპიდემიას ნამდვილად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ შენარჩუნებულია რეგიონული გავრცელების თავისებურება, დღეისთვის ყველაზე მეტი შემთხვევა დაგროვილია აჭარაში, თუმცა იქ მიმდინარე წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და გავრცელების ტემპი საგრძნობლად შემცირდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია, დაავადების გადმონაცვლება მოხდეს სხვა რეგიონებში და შესაბამისად, ყველა რეგიონის აქტივობა მიმართული უნდა იყოს ახლა იმ ადამიანების გამოვლენაზე, რომელსაც არ აქვს იმუნიტეტი წითელას მიმართ და უნდა მოხდეს მათი სასწრაფო იმუნიზაცია“, – განმარტა ხათუნა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსახლეობას მოუწოდებენ, წითელას აცრაზე საკუთარი სტატუსი გადაამოწმონ. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს აცრა ჩატარებული არ აქვს, უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული უფასო სერვისით და აიცრან.
„ვაქცინაციის გარდა, პრევენციის სხვა საშუალება არ არსებობს. ეს არის დაავადება, რომელიც ძალიან ადვილად გადადის დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელ ადამიანზე, თუ ის ჯანმრთელი არ არის იმუნიზებული. დაცვა მიიღწევა ვაქცინაციით. წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. 41 წლამდე მოქალაქეებმა, რომლებმაც არ იციან წითელას მიმართ თავიანთი სტატუსი ან აუცრელია, აუცილებლად უნდა მიმართოს იმუნიზაციის მიმწოდებელ ცენტრებს, მათთვის არის უფასო ვაქცინა, რომელიც მათ წითელასგან დაიცავს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.