დაავადებათა კონტროლის ცენტრი - იმედს ვიტოვებთ, რომ ცენტრსა და შპს „ალმას“ შორის გაუგებრობა აღმოიფხვრება და შპს „ალმა“ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებთან შპს „ალმას“ დღევანდელ განცხადებას პასუხობს.
როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ვერ გაიზიარებენ კომპანიის განცხადებას, რომ რადგან სექტემბერში ცენტრმა არ მიმართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, „ალმას“ უფლებამოსილი იყო, რამდენიმე ადგილზე სხვა შინაარსის ბანერები გადაეკრა ცენტრთან შეთანხმების გარეშე.
„რადგან საკითხი დღეს ქვეყნისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, რაც თქვენს კომპანიასაც ეს სრულად აქვს გაცნობიერებული და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ფართო მასების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში COVID-19 პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი და ამისათვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევთ გიპასუხოთ თქვენს განცხადებაზე, სადაც აღნიშნავთ, რომ თქვენ ბანერების განთავსების დაპირებული სამთვიანი ვადა კეთილსინდისიერად შეასრულეთ და სახელშეკრულებო ვალდებულებები ამოწურეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფართო საკომუნიკაციო კამპანია სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რომ ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და უსაფრთხო.
ვადასტურებთ იმასაც, რომ ქვეყნის მასშტაბით თქვენ მიერ, ამ შინაარსის არაერთი ბანერია განთავსებული, მაგრამ განვმარტავთ, რომ ცენტრსა და შპს „ალმასთან“ 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში თქვენ მიერ განცხადებაში მოყვანილი სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის და ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ რადგან სექტემბერში ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე. მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული.
სახელშეკრულებო პრაქტიკის, საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე თითოეული მოქალაქის მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ცენტრსა და შპს „ალმას“ შორის მრავალწლიანი წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობების გათვალისწინებით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტშიც, სოციალური და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ ცენტრსა და შპს „ალმას“ შორის არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილი იქნება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს „ალმა’’ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია ალმამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაქცინაციის „ალმას“ მხრიდან მხარდამჭერი აქცია პოზიტიურის ნაცვლად, კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა.