დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ვირტუალურ გამოფენას უძღვნიან
7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ამ დღეს უძღვნიან ვირტუალურ გამოფენას, სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში. ვირტუალური ექსპოზიცია ასევე მოიცავს ახალ კორონავირუსზე (COVID-19) ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს. გამოფენას ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით.
„ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წესრიგი ახალმა კორონავირუსმა (COVID-19) თავად განსაზღვრა“, – აღნიშნავენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
მათივე ცნობით, 2020 წლის 7 აპრილის თემა ეძღვნება ექთნებისა და ბებიაქალთა ღვაწლს ზოგადად მედიცინაში და კონკრეტულად კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერების ყურადღებას ამახვილებს უმცროსი სამედიცინო პერსონალის გადამწყვეტ როლზე მსოფლიო ჯანდაცვაში. წლევანდელი კამპანიის დევიზია – „მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს“.
ვირტუალური გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“ სწორედ ამ კამპანიას ეხმაურება და მისი მიზანია პანდემიადქცეული ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების გამოხატვა.
„7 აპრილს, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ინიციატივით, ონლაინგამოფენას შემოგთავაზებთ. გამოფენას, რომელიც მრავალმხრივ აქტუალურია. მას ეწოდება – „სამედიცინო პერსონალი „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“ და იგულისხმებს დიდწილად იმ ქართველი ექიმებისა და სამედიცინო სფეროს მენეჯერთა ყოველდღიურობის ფოტოასახვას, რომელსაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს. წარმოდგენილი იქნება როგორც პროფესიული, ასევე სამოყვარულო სახის ფოტოები. საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი ემოციური და იმედისმომცემი სურათი იქნება ასახული. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბუნებრივია, ამ გამოფენით მეტი მხნეობის შეძენას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან და ონლაინგამოფენასთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც, რომელშიც უმცროს სამედიცინო პერსონალს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ვირტუალური გამოფენის ნახვა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.