ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებულია ​უმცროსი სამედიცინო პერსონალის ღვაწლი, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მუხლჩაუხრელი შრომისთვის
ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებულია ​უმცროსი სამედიცინო პერსონალის ღვაწლი, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მუხლჩაუხრელი შრომისთვის

განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დამსახურებას, დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ რთული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, – აცხადებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვაში, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღესა და ამ დღისადმი მიძღვნილ ვირტუალურ გამოფენასთან დაკავშირებით გავრცელდა.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ 7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის მიღებას. მისივე თქმით, ყოველწლიურად ეს დღე სხვადასხვა სლოგანითა და ინიციატივით აღინიშნება.

„წლევანდელი დღე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხს ეძღვნება, ჩვენთვის ყველაზე უფრო საპატივცემულო ადამიანების – ექთნებისა და ბებიაქალების მოღვაწეობას და მათი მოღვაწეობისთვის პატივის მიგებას.

დღეს, მსოფლიო ჯანდაცვაში მოსახლეობის ჯანმრთელობას დაახლოებით 60 მილიონ ადამიანამდე ემსახურება, მათ შორის განსაკუთრებულია ​ექთნების, ბებიაქალებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის ღვაწლი. ამიტომ, შემთხვევით ვსარგებლობ და პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ მუხლჩაუხრელი შრომისთვის, რასაც ისინი აკეთებენ თავისი მოღვაწეობის პერიოდში, რადგან ჩვენთან ერთად, ჩემს კოლეგებთან, ექიმებთან ერთად წარმოუდგენელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, თუ მათ გვერდში არ უდგანან – ექთნები, ბებიაქალები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ადამიანების მთელი პლეადა, რომლებიც იღწვიან მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. აქედან განსაკუთრებით დიდია სწორედ ექთნისა და ბებიაქალის როლი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც საქართველოსა და მთელ მსოფლიოში არის ახალი კორონავირუსის პანდემია და მან, სამწუხაროდ, მოიცვა მსოფლიოს 205 ქვეყანა, დაინფიცირდა მილიონ 300 000-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათეული ათასი კი დაიღუპა, წინა ხაზზე მედიცინის ყველა მუშაკია, მათ შორის, განსაკუთრებულია​ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის როლი.

„ამიტომ, წელს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ქვეყნის უმეტესი ნაწილი ვშრომობთ ვირტუალურად, დისტანციურად და „კოვიდთან“ ბრძოლაში მთავარი იარაღი სოციალური დისტანცირებაა, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია შევცვალეთ და ვირტუალური გამოფენა იქნება – „სამედიცინო პერსონალი „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“. გვინდა, სხვადასხვა სურათითა და კოლაჟებით მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დგანან ამ ძალიან რთულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის ინფექციასთან და ეს არის სწორედ ჩვენი სამედიცინო პერსონალი.

განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დამსახურებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ამ რთული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში სამედიცინო პერსონალთან ერთად ჩართულნი არიან საზღვრიდან, მებაჟიდან, ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, ყველა ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამედიცინო პერსონალს და კიდევ უფრო განსაკუთრებული ექთნებსა და უმცროს სამედიცინო პერსონალს.

მინდა, 7 აპრილი მოგილოცოთ, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. წელს ეს დღე გეძღვნებათ თქვენ, ექთნებს, უმცროსს სამედიცინო პერსონალს და ვინც, სწორედ წინა ხაზზე ხართ, ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ამ დღეს უძღვნის ვირტუალურ გამოფენას, სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“. ვირტუალური გამოფენის ნახვა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.