ცოტნე კობერიძე - თამაშდამოკიდებულებას თუ დაავადებად მივიჩნევთ, მას პროფესიონალები უნდა ებრძოლონ და არა სახელმწიფო და პოლიციელი
თამაშდამოკიდებულებას თუ დაავადებად მივიჩნევთ, ამას სახელმწიფო და პოლიციელი კი არა, არამედ პროფესიონალები უნდა ებრძოლონ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„აქ არ ვარ კომპეტენტური, რამდენად არის ეს დაავადება, ან არ არის, მაგრამ თუ ეს დაავადებაა, ამას სახელმწიფო და პოლიციელი კი არა, დაავადებას უნდა ებრძოლონ პროფესიონალები, ვინც იციან, როგორ უნდა მოაგვარონ მოცემული საკითხი და ვინც ამ ადამიანებს ამ ფსიქიკურ, თუ ფსიქოლოგიურ პრობლემას მოუგვარებს. ეს უნდა იყოს ოჯახის, გარემოს, მეგობრების და მათ შორის, ამ საქმის ექსპერტების საქმე“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, აზარტული თამაშების გამო ოჯახებში პრობლემები იქმნება იმ ადამიანების მიერ, ვინც თამაშობს, მაგრამ კონკრეტული ადამიანების უპასუხისმგებლო ქცევა იმის არგუმენტი არ არის, რომ სხვა ადამიანებს ეს დაურეგულირდეს და მათზე სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება მოხდეს.
„თუ ადამიანმა საკუთრება არასამართლიანად მოიპოვა, ოჯახი გაძარცვა და მისი საერთო საკუთრება გამოიყენა ისე, რომ არ ეკუთვნოდა, კონკრეტულად ეს ქცევა უნდა იყოს დასჯადი და არა ის, სად წაიღო შემდეგ ეს საკუთრება. თუ ვაღიარებთ, რომ მან ეს საკუთრება სამართლიანად მიიღო, მაშინ სამართლიანად მიღებულ საკუთრებას სად გაუშვებს, სად დახარჯავს და რომელ სიამოვნებას მოახმარს, ეს ჩემი და მით უმეტეს, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“, – განაცხადა კობერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ ფონზე, როცა გაღატაკებული ოჯახების რაოდენობა იზრდება,რამდენად წონადია ეკონომისტთა ნაწილის არგუმენტი, რომ სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტი მაღალ შემოსავალს იღებს და ამიტომ, მასზე რეგულაციები არ უნდა დაწესდეს, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ ბიზნესის მომგებიანობა მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტი არის.
„ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ბიუჯეტში მათი შენატანი მცირეა. ჯამში, ეს არის ერთიანი ბიუჯეტის დაახლოებით, 2,4%. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბიზნესში, საქართველოში, ათი ათასამდე მოქალაქეა დასაქმებული“, – განაცხადა კობერიძემ.
კობერიძემ ასევე განაცხადა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესს რაც უფრო მეტი რეგულაციები დაუწესდება, ამით ის დიდი ბიზნესმენები იხეირებენ, რომლებიც დღეს ამ საქმით არიან დაკავებული.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, წარმოქმნის თუ არა ჭარბვალიანობის პრობლემას სათამაშო ბიზნესის მიერ შექმნილი ბარათი, რომლის მფლობელის გადარიცხვებიც საბანკო სექტორისთვის ხელმისაწვდომი არ არის, „გირჩის“ წევრმა აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში ზოგადად, არ არსებობს და ეს მოგონილი პრობლემაა.
„ჭარბვალიანობა არის პრობლემა, როდესაც მოქალაქეები სესხებს იღებენ და ვერ აბრუნებენ. ეს პრობლემა საქართველოს არ ჰქონია. უბრალოდ, ბევრ ადამიანს ჰქონდა სესხი. ამას სხვადასხვა ტიპის რეგულაციები მოაყოლეს, რამაც სესხი, როგორც ასეთი, ხელოვნურად გაართულა“, – განაცხადა კობერიძემ.
შეკითხვაზე, შეექმნებათ თუ არა ამით პრობლემა ბანკებს, კობერიძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება, ერთი ბიზნესის საკეთილდღეოდ, მეორე ბიზნესი შეიზღუდოს.
„საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიდარდო კერძო ბანკებზე, როგორ უნდა დაითვალონ მათ რისკები?!”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.