ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - ჩვენებებით დასტურდება, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო არასიმპათიები გარკვეულ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა ღვინოს
მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ ეს იყო პირადი შეურაცხყოფის საფუძველზე დაწყებული კონფლიქტი, მიზეზი იყო პირადი არასიმპათიები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ღვინოს, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის, გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძებაზე შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ დააყენა.
როგორც ადვოკატი ამბობს, სოლოღაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს.
„ამ ეტაპზე და ამ მოცემულობით, დაცვის მხარე გაეცნო დეტალურად მტკიცებულებებს. ის მტკიცებულებები, რომლებიც მითითებულია სასამართლოში, წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ. ადვოკატებს არ აქვთ არანაირი მტკიცებულება ამ ეტაპზე მოპოვებული. თავად ბრალდების მხარის ვერსიაა, რომ დაპირისპირება მოხდა სუფრაზე, სადაც ერთად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს ცოტნე გამსახურდია და ბრალდებულები. ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ პირველები ადგნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი მეგობრები, ხოლო მათ ცოტნე გამსახურდია უკან გამოედევნა. ეს დასტურდება ბრალდების მხარის მოწმეებით. აქედან გამომდინარე, თუ შეკითხვები არსებობს, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიმართ, ვინაიდან ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. თუმცა ამ ეტაპზე, მოცემულ შემთხვევაში, ყველა მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ეს იყო პირადი ურთიერთშელაპარაკების მოტივი, ურთიერთშელაპარაკების და ასე ვთქვათ, პირადი შეურაცხყოფის საფუძველზე დაწყებული კონფლიქტი, რაც ძირითად შემთხვევაში, სტატისტიკურად, 90% ხდება პირადი მოტივით და ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე. მიზეზი იყო პირადი არასიმპათიები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ღვინოს და ა.შ. ეს დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით არ დავაყენებ შუამდგომლობას გირაოს შეფარდებაზე. თავად ბრალს აღიარებს“,- განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება თორნიკე ქვათაძეს, ადვოკატის თქმით, მის მიმართ სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან არ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული.
„რაც შეეხება მის ძმას, გიორგი სოლოღაშვილს, რომელიც აღიარებს დანაშაულს, მას შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ჩვენ არ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მას სურს, რომ არ გავასაჩივროთ. გიორგი სოლოღაშვილი დანაშაულს აღიარებს. წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 55 დღის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეეფარდათ წინასწარი 55-დღიანი პატიმრობა“, – აღნიშნა ირაკლი ჩომახაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან დაარტყა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.
რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.