ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. დისტანციურ სხდომაზე, რომელსაც მედია ვერ ესწრება, დაცვის მხარე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლას მოითხოვს.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ადვოკატმა, სალომე კალაიჯაშვილმა აღნიშნა, პატიმრობის გაგრძელების ფორმალური საფუძველი და საფრთხე არ არსებობს. ასევე, დღეს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ, რის შემდეგაც საქმე უკვე არსებით განხილვაში გადავა.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთი პირი კი, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.