ცოფი უძველესი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ათასწლეულების წინ გაჩნდა. მიიჩნევა ტროპიკულ დაავადებად და ძირითადად ფიქსირდება ღარიბ საზოგადოებებში, სადაც არ არსებობს მეთვალყურეობის, პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური ინფრასტრუქტურა.
ცოფი არაპროგნოზირებადია. ინფექციის სტადიებს შორის არის საინკუბაციო პერიოდი, რომელიც რამდენიმე დღიდან თვეებამდე გრძელდება, ახასიათებს გრიპის საწყისის მსგავსი სიმპტომები, მწვავე ნევროლოგიური ეფექტების პერიოდი, კომა და შემდეგ სიკვდილი.
ადრეული ეტაპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ადამიანებში, მაგალითად, დაღლილობა, ცხელება და ღებინება ხშირად არასპეციფიკურია. ნევროლოგიურ სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს აგრესია, დაბნეულობა, ყლაპვის გართულება და პარალიზი.
ცოფის გამომწვევი პათოგენი მიეკუთვნება ვირუსების გვარს, სახელად ლისავირუსებს, რომლებიც თბილსისხლიან ხერხემლიანებს აინფიცირებენ.
მართალია, მკვლევრებს სჯერათ, რომ ამ ინფექციისადმი ყველა ძუძუმწოვარია მოწყვლადი, მხოლოდ გარკვეული ცხოველები წარმოადგენენ რეზერვუარებს — გარემოს, ჰაბიტატს ან პოპულაციებს, სადაც პათოგენებს სიცოცხლე, გამრავლება და გადადება შეუძლიათ. მაგალითად, აშშ-ში ცოფის უმაღლესი რისკის ცხოველურ რეზერვუარებად მიიჩნევა სკუნსები, ღამურები, მელიები, კოიოტები და ენოტები.
ცოფით ინფიცირებულ ადამიანთა უმეტესობისთვის ეს ცხოველის კბენის შედეგია. ნაკლებად გავრცელებულ გზებს შორის არის ღია ჭრილობებით, თვალის, ცხვირის ან პირის ლორწოვანი გარსებით ცხოველებთან კონტაქტი.
მას შემდეგ, რაც ვირუსი სხეულში შედის, კუნთოვან ქსოვილებში იწყებს გამრავლებას და შემდეგ პირდაპირ თავის ტვინისკენ მიემართება. მას შემდეგ, რაც ის სხვა ორგანოებშიც გავრცელდება, პაციენტი ძირითადად თავის ტვინის ანთებით კვდება.
ცოფის გლობალურ მაჩვენებლების გაზომვა რთულია, რადგან ხშირად, მეთვალყურეობა არაადეკვატურია.
მაშინ, როცა აშშ-ში წელიწადში ცოფის 1-3 შემთხვევა ფიქსირდება, ეს დაავადება მსოფლიოში ყოველწლიურად ათობით ათას ადამიანს კლავს.
ცხოველებში ცოფის მაჩვენებელი ყოველწლიურად იცვლება. 2021 წელს, აშშ-ში 3663 ცოფიანი ცხოველი აღრიცხეს, რაც 18,2 პროცენტით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით. დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, ხელი შეეშალა ცხოველების ცოფზე ვაქცინაციას, რისი მიზეზიც ვაქცინების წარმოებისა და ხელმისაწვდომობის პრობლემები გახდა, ამ პერიოდში ასევე გაიზარდა მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა.
მრავალი ეკოლოგიური და სოციოეკონომიკური ფაქტორის გამო, რამდენიმე ქვეყანაში გაიზარდა ადამიანებში ცოფის შემთხვევები. მაგალითად, ჩინეთში ცოფის შემთხვევები დაკავშირებულია ურბანული პოპულაციებისა და სატრანსპორტო კვანძების სიახლოვით. რაც უფრო ახლოსაა დაუცველი ცხოველი ეპიდემიის მქონე საზოგადოებასთან, მით მაღალია გავრცელების ალბათობა.
კლიმატის ცვლილების გამო მომატებული ტემპერატურა განაპირობებს ცხოველთა გავრცელების დიაპაზონთა ცვლილებებს, რაც თავის მხრივ, ზრდის ცოფის გადადების მაჩვენებელს.
მაგალითად, როცა რეგიონი თბება, შეიძლება გაიზარდოს გარკვეული რეზერვუარების, მაგალითად, ვამპირი ღამურების ფარდობითი გადანაწილება და სიუხვე. არქტიკაში ტემპერატურის ზრდამ შეიძლება გაზარდოს წითელი მელიებისა და არქტიკული მელიების კავშირის სიხშირე და გამოიწვიოს ეპიდემია.
ინფექციის რისკის ზრდასთან ასევე დაკავშირებულია ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთქმედების მაღალი მაჩვენებელი, ცოფის შესახებ განათლებისა და პრევენციული ზომების დაბალი დონე.
წარსულში ცოფის კონტროლის მცდელობებს შორის არის ცხოველთა გადარჩევით დახოცვა და ვაქცინაცია. ცხოველთა პოპულაციების გადარჩევით დახოცვამ ინფექცია ვერ შეამცირა. პირიქით, გაზარდა ეკონომიკური, ეკოლოგიური და ეთიკური შეშფოთებები. გარდა იმისა, რომ ამ დროს ხოცავენ სავარაუდოდ ჯანმრთელ ცხოველებსაც, ამ პროცესში გაღებული ხარჯები შედეგად არ ღირს.
მეორე მხრივ, ცხოველთა ვაქცინაცია მინიმალური რისკის ფასად და საკმაოდ იაფად იცავს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს. 1970-იან წლებში მიმდინარეობდა ველური ბუნების ვაქცინაცია ცოფის ორალური ვაქცინით, რისთვისაც, ადგილობრივ გარემოში ათავსებდნენ ვაქცინის შემცველ სატყუარებს. ცოფის კონტროლის მხრივ წარმატება დაფიქსირდა კოიოტების, მელიებისა და ენოტების პოპულაციებში ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში.
ვაქცინაციის ასეთმა კამპანიამ ტეხასის შტატში ძაღლისებრ ცხოველებში ცოფის სრული ელიმინაცია განაპირობა.
ორალური ვაქცინები ცხოველებში ცოფის პრევენციისა და კონტროლის საშუალებად სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება, მაგალითად, ძაღლებში ინდოეთსა და ტაილანდში.
ამჟამად ცოფის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრევენცია, განათლებისა და ვაქცინაციის გზით. ცოფის პრევენცია შესაძლებელია ცოფის მატარებელ ცხოველთან კონტაქტისგან თავის არიდებით, ანდაც კონტაქტამდე ან კონტაქტის შემდეგ ვაქცინაციით.
ზემოქმედებამდელი პროფილაქსისი, იგივე PrEP-ი მოიცავს ვირუსის უსაფრთხო ვერსიის ზემოქმედებას იმუნურ სისტემაზე, რითაც ხდება სამომავლო ინფექციის პრევენცია. მაღალი რისკის საქმიანობის ადამიანებისთვის, მაგალითად, ველური ბუნების ბიოლოგების, ვეტერინარებისა და ცხოველთა კონტროლის პერსონალისთვის, ცოფის ვაქცინის ორი დოზა მნიშვნელოვან თავდაცვას განაპირობებს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამჟამად რეკომენდაციას უწევს ბუსტერ-დოზას მაღალი რისკის მქონე ადამიანთათვის. ვაქცინაცია უნდა განიხილონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც მოგზაურობას აპირებენ ცოფის მაღალი გავრცელების ზონებში.
პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა, ანუ PEP ნიშნავს ინფექციის პრევენციის მიზნით ვაქცინის ან პრეპარატის მიღებას ზემოქმედებიდან (ექსპოზიცია) რაც შეიძლება მალე. უმეტეს შემთხვევაში, ეს გულისხმობს ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის, იგივე HRIG-ის დოზას და ცოფის ვაქცინის დოზას შემთხვევის დღესვე.
HRIG პასიური იმუნიზაციის სახელითაა ცნობილი და ადამიანის სხეულს აძლევს ანტისხეულებს, რათა მათ ცოფის ვირუსი იქამდე გაანეიტრალონ, ვიდრე იმუნური სისტემა საკუთარ ანტისხეულებს წარმოქმნის. შემთხვევიდან 14 დღის განმავლობაში, პაციენტს კიდევ სამ დოზას უკეთებენ. იმუნიტეტშეზღუდულ ადამიანებს შეიძლება მეხუთე დოზაც მისცენ.
ცოფის ვირუსის შეკავებისათვის ასევე მნიშვნელოვანია შინაური ცხოველებისა და პირუტყვის რეგულარული და შესაბამისი ვაქცინაცია. როგორც წესი, ცხოველებს ცოფის ვაქცინა წელიწადში ერთხელ უკეთდებათ.
უსაფრთხოების, ღირებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ცოფის რამდენიმე ახალ ვაქცინაზე როგორც ცხოველების, ისე ადამიანებისთვის. მკვლევრები ასევე მუშაობენ სამკურნალო საშუალებებზე, რომელთა მიზანიც ცოფის კონტროლი იქნება მას შემდეგ, რაც ინფექცია ცენტრალურ ნერვულ სისტემას მიაღწევს.
ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, რომ ცხოველმა უკბინა, თუკი ეს ნაკბენი პატარაა. ვირუსის ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის გამო, შეიძლება ვერც კი გაიხსენონ, როდის ჰქონდათ ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტი.
ლაბორატორიული ტესტებით შეიძლება დადგინდეს, აქვს თუ არა ცხოველს ცოფი და ისიც კი, ცოფის ვირუსის რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე. შემთხვევის რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, რაბიოლოგმა ვაქცინა პაციენტს შეიძლება ლაბორატორიული დადასტურების გარეშეც გაუკეთოს. ასე მოქცევა განსაკუთრებით საჭიროა ღამურის კბენის შემთხვევაში.
ცოფისგან თავის დასაცავად, მრავალი პრაქტიკული გზა არსებობს, მათ შორის:
- შინაური ცხოველების ვაქცინაცია და მეთვალყურეობა
- არასოდეს შეეხოთ გარეულ ცხოველებს, რომლებიც ერთი შეხედვითვე უცნაურად იქცევიან
- არ შეეხოთ ავადმყოფ, დაჭრილ ან მკვდარ ცხოველს
- არასოდეს სცადოთ ველური ცხოველების გამოკვება
- ცხოველებს პატივისცემით მოეპყარით. არ შეაწუხოთ, არ დაურღვიოთ ძილი ან არ აიყვანოთ ხელში მათი ნაშიერები
- კბენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს
ცოფის მსოფლიო დღე 28 სექტემბერს აღინიშნება, ცოფის ვაქცინის გამომგონებლის, ლუი პასტერის გარდაცვალების დღეს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.