ცნობილმა უცხოურმა გამოცემებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად პუბლიკაციები გამოაქვეყნეს
ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, თანამედროვეობასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
„ესტონეთის დიპლომატიურ გამოცემაში „Suursaadik“ გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის, თეა ახვლედიანის ვრცელი ინტერვიუ, სადაც საქართველოს ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლიან გზაზე და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე საუბრობს.
თეა ახვლედიანი პუბლიკაციაში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თანამედროვეობაზე, მისი განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესზე.
ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველო-ესტონეთის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული დამოუკიდებლობისადმი ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, ჩინურმა ჟურნალმა “ჩაინა დეილი”-მ ასევე გამოაქვეყნა საქართველოს ელჩის, დავით აფციაურის ინტერვიუ სათაურით -„საქართველო „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში ჰაბის სტატუსის დამკვიდრებას ცდილობს“.
ინტერვიუში ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი გახდება. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობისა და სავაჭრო რესურსების შესახებ.
დავით აფციაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დინამიკურობაზე.
„ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ორი კონტინენტის გასაყარზე, მეტად ზრდის საქართველოს , როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრების შემაკავშირებელი ხიდის როლს – აღნიშნა საქართველოს ელჩმა, დავით აფციაურმა.
„კანადურ ჟურნალში „Ottawa Life Magazine” ასევე გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „მაღალი დონის დიპლომატმა გამოცდილება და ხედვა ჩამოიტანა – მისი გავლენა ოტავაში იგრძნობა“, რომელიც კანადაში საქართველოს ელჩს, კონსტანტინე ქავთარაძეს მიეძღვნა.
სტატიაში ავტორი აღწერს საქართველოს ისტორიულ წარსულს, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და კანადასა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საუდის არაბეთის გაზეთ Albilad”-ში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას სტატია, სათაურით-“Georgia celebrates the 100th anniversary of Georgia’s First Democratic Republic”.
სტატიაში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს. გიორგი ჯანჯღავა სტატიაში ხაზს უსვამს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ტურიზმი და სამხედრო თანამშრომლობა.
ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო-საუდის არაბეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა საუდის არაბეთის საგარეო უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნის შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს ისტორიული წარსულის, საქართველოს იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100 – ზე მეტი საგაზეთო სტატიის გამოქვეყნება.