ცნობილი ფიზიკოსის აზრით, არამიწიერ ცივილიზაციას საუკუნის ბოლომდე ვიპოვით
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასაფასებელი ფიზიკის თეორეტიკოსი, მიჩიო კაკუ პროგნოზირებს, რომ ამ საუკუნეში, არამიწიერი ცივილიზაცია ადამიანებთან კონტაქტს დაამყარებს.
კაკუმ არ იცის, ადამიანებიც შეძლებენ თუ არა მათთვის პასუხის დაბრუნებას, მაგრამ ფიქრობს, რომ 2100 წლამდე დავაფიქსირებთ მათი რადიოკომუნიკაციების სიგნალებს.
ეს პროგნოზი კაკუმ გასულ კვირას, reddit-ზე გააკეთა, კითხვა-პასუხის სესიის დროს.
„დოქტორო კაკუ, რა მოხდება თუ კავშირს დავამყარებთ არამიწიერ ცივილიზაციასთან? როგორ შევძლებთ მათთან დალაპარაკებას?“ — იკითხა reddit-ის მომხმარებელმა MalachiNorris-მა.
კაკუმ უპასუხა:
„პირადად მე, ვფიქრობ, რომ ამ საუკუნეში კავშირს დავამყარებთ არამიწეირ ცივილიზაციასთან, დავაფიქსირებთ მათი რადიოკომუნიკაციების სიგნალებს. მათთან საუბარი რთული აღმოჩნდება, რადგან ისინი ჩვენგან ათობით სინათლის წლით იქნებიან დაშორებული. შესაბამისად, მოგვიწევს გავშიფროთ მათი ენა, რათა გავიგოთ მათი ტექნოლოგიების განვითარების დონე. არიან თუ არა ისინი I, II ან III ტიპის ცივილიზაცია? რა ზრახვები აქვთ? ექსპანსიურები და აგრესიულები არიან თუ მშვიდნი?“
ცივილიზაციის „ტიპებში“ კაკუ გულისხმობს კარდაშევის შკალის სამ კატეგორიას — შკალა, რომელიც ზომავს ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების დონეს მათ მიერ კომუნიკაციებისთვის გამოყენებული ენერგიის ოდენობაზე დაყრდნობით.
შედარებისათვის, ადამიანები ჯერ I ტიპის ცივლიზაციაც კი არ ვართ, რადგან ეს მოითხოვს პლანეტის ყოველი უნცია ენერგიის გამოყენებას, იქნება ეს მზის, თერმული, ოკეანის თუ სხვა ენერგია.
როგორც კაკუმ საკუთარ პასუხს დაამატა, ისიც შესაძლებელია, რომ ისინი პირდაპირ თეთრი სახლის მდელოზე დასხდნენ და თავიანთ არსებობა გვამცნონ. „მაგრამ ვფიქრობ, ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან მათთვის უბრალოდ გარეული ცხოველები ვიქნებით და შესაბამისად, კომუნიკაცია ნამდვილად არ ღირს“, – ამბობს კაკუ.
კაკუ პირველი არ არის, ვინც ღიად საუბრობს, რომ არც თუ ისე დიდი პერიოდი გვაშორებს იმ დროსთან, როცა ჩვენ არამიწიერ ცივილიზაციასთან კავშირზე გავალთ.
არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის (SETI) ინსტიტუტის უფროსი ასტრონომი, სეთ შოსტაკი სანაძლეოს დებს, რომ უცხოპლანეტელებს უახლოეს 20 წელიწადში ვიპოვით.
საკითხს ეხმიანება თვით სტივენ ჰოკინგიც. მისი თქმით, სამყაროში მარტონი რომ არ ვართ, ის ახლა ისეა დარწმუნებული, როგორც არასდროს. ჰოკინგი იქვე აფრთხილებს კაცობრიობას, რომ შეწყვიტონ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა, სანამ ეს ძალიან გვიანი არ იქნება.
ჰოკინგი ჩართულია
პროექტში Breakthrough Listen, რომლის ფარგლებშიც დაკვირვება ხორციელდება ჩვენ გარშემო მდებარე მილიონობით ვარსკვლავზე. პროექტის მიზანია დააფიქსიროს სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი რადიოსიგნალები. აქტიური დაკვირვების ქვეშაა ჩვენგან 16 სინათლის წლის მანძილზე მდებარე დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა გლიზე 832c.
„ერთ მშვენიერ დღესაც, შესაძლოა, მივიღოთ სიგნალი, მაგალითად, პლანეტა გლიზე 832c-დან, მაგრამ პასუხის დაბრუნებისას უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე“, — ამბობს ჰოკინგი.
შოსტაკი, ჰოკინგი და კაკუ — ყველა მათგანი პროგნოზირებს, რომ არამიწიერი ცივილიზაციასთან კონტაქტი შედგება რადიოტალღებით, ელექტრომაგნიტური ტალღების ვიწრო სიხშირის დიაპაზონში, რომელიც ხშირად გამოიყენება დიდ მანძილზე კომუნიკაციისათვის.
მეცნიერები განსაკუთრებით ფოკუსირებული არიან ელექტრომაგნიტური სპექტრის ამ პატარა ნაწილზე, რადგან ის განირჩევა სამყაროს ფონური ბუნებრივი ხმაურისგან, რომელიც სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონში ვრცელდება.
მთელი მსოფლიოს რადიოტელესკოპები გამუდმებით ასკანირებენ ცას სიცოცხლის რაიმე ნიშნის საპოვნელად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე კინაღამ შევცდით, ჯერჯერობით არაფერი გვიპოვია ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ არამიწიერი ცივილიზაციები მართლაც არსებობენ.
თუმცა, დრეიკის განტოლების მიხედვით, რომელიც ვარსკვლავთა აბსოლუტურ რიცხვს ეყრდნობა, ძალიან ნაკლებადაა სავარაუდო, რომ ერთადერთი სიცოცხლე ვიყოთ უკიდეგანო სამყაროში.
ყოველივე ამის საპირისპიროდ, შეიძლება ისიც, რომ ჩვენი სატელეკომუნიკაციო სიგნალები პირველად რომელიმე სხვა ცივილიზაციამ დააფიქსიროს. თუ ასე მოხდა, გვქონდეს იმედი, რომ ისინი მეგობრულნი იქნებიან.
მომზადებულია reddit.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით