ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებთან ერთად სოფელ ხურვალეთში ჩავიდა [ვიდეო]
ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებთან, რიჩარდ ჰამონდთან და ჯეიმს მეისთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებთან ერთად სოფელ ხურვალეთში იმყოფება.
ავტომანქანაზე, რომლითაც ჯერემი კლარკსონი გადაადგილდება, იოსებ სტალინის ბიუსტია დამაგრებული.
როგორც ჯერემი კლარკსონმა პირველ არხს განუცხადა, გუშინ ბათუმი და გორი დაათვალიერეს. კერძოდ, კლარკსონი გორში მდებარე სტალინის მუზეუმში იმყოფებოდა. კლარკსონის თქმით, მისი ჯგუფი მსოფლიოში ცნობილი დიქტატორების შესახებ სატელევიზიო მასალებს ამზადებს.
ჯერემი კლარკსონი ცნობილი ტელეწამყვანია, რომელსაც ავტომოყვარულები გადაცემა Top Gear-ით იცნობენ. კლარკსონი BBC-ის გადაცემა Top Gear-ს ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი გადაცემიდან სკანდალურად გაუშვეს, მან, ჰამონდთან და მეისთან ერთად Amazon Video-სთვის ახალი პროექტი – The Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.
რამდენიმე წლის განმავლობაში გადაცემა Top Gear-ს ექსკლუზიურად პირველი არხი აჩვენებდა.