მსოფლიოში პოპულარული გადაცემის Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს
მსოფლიოში პოპულარული გადაცემის Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს

მსოფლიოში პოპულარული გადაცემის Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამგზავრების წინ ჯერემი კლარკსონს, რიჩარდ ჰამონდსა და ჯეიმს მეის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

ტელეწამყვანებმა გადაცემის ახალი ეპიზოდის მოსამზადებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხე შეარჩიეს. გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა. Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველოში Bentley-ით, BMW-ითი და Aston Martin-ით იმოგზაურეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ჯერემი კლარკსონს საქართველოში განსაკუთრებით კერძები და ღვინო მოეწონა.

„საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, შესანიშნავი ღვინით, ამინდითა და გულწრფელი ხალხით. აუცილებლად დავბრუნდები თქვენს ქვეყანაში, საქართველო ევროპის იდუმალებით მოცული მარგალიტია“, – აცხადებს ჯერემი კლარკსონი.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდა და ჯეიმს მეიმ მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში პროექტ Top Gear-ით განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს.

„მათ ახალ გადაცემას Grand Tour ნახევარი მილიარდი ადამიანი უყურებს, ამ გადაცემის საშუალებით ძალიან ბევრი მათგანი გაიცნობს საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი გაუჩნდებათ“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

სატელევიზიო შოუ Grand Tour 2016 წლიდან Amazon Prime-ის საშუალებით ვრცელდება. 2015 წლამდე ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი BBC-ზე გადაცემა Top Gear-ის წამყვანები იყვნენ. Amazon Prime-ზე ლეგენდარული წამყვანების გადაცემას Grand Tour-ს მილიონობით მაყურებელი ჰყავს. გადაცემა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.