ცნობილ ქართველ ექიმებს, ლევან რატიანსა და ალექსანდრე გოგინავას ფოთის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭათ
ცნობილ ქართველ ექიმებს, ლევან რატიანსა და ალექსანდრე გოგინავას ფოთის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭათ. კოვიდ-19“-ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, მათ აღნიშნული ჯილდო ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებით მიენიჭათ.
ანესთეზეოლოგ-რეანიმატოლოგი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე გიმნაზიის კურსდამთავრებულია. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი, 1988 წელს ქალაქ ფოთში, ცნობილი ექიმის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა.
ჯილდოს მინიჭების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილეები და საპატიო მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა ექიმებს ვირუსთან ბრძოლაში გამოჩენილი შემართებისათვის.
„სწორედ ასეთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ პანდემიური ვითარებისას არის საიმედო ხელში. გვეამაყებით, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, 2021 წელს ამ ვერაგი ვირუსის დამარცხებას“, -აღნიშნა საუბარში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.