CNN - სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულო ჯამალ ხაშოგის ნაცვლად, მისმა ორეულმა დატოვა [ფოტო, ვიდეო]
სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულო ჯამალ ხაშოგის ნაცვლად, მისმა ორეულმა დატოვა. ამაზე მოწმობს სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრები. თურქეთის ხელისუფლების მიერ მოპოვებულ მასალას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მასალის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ხაშოგის მისვლამდე, დაახლოებით ორი საათით ადრე, საკონსულოში შევიდა მუსტაფა ალ-მადანი (კუბოკრული პერანგით). ის ერთ-ერთია იმ 15 ჯალათიდან, რომელიც საუდის არაბეთიდან თურქეთში სპეცრეისით, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დღეს ჩავიდა.
1:14 საათზე შენობაში თავად ჯამალ ხაშოგი შევიდა.
2:52 საათზე საკონსულოს უკანა გასასვლელთან არსებული კამერები ჯამალ ხაშოგის ტანსაცმელში გამოწყობილ მუსტაფა ალ-მადანის თანმხლებ პირთან ერთად აფიქსირებენ. განსხვავება მხოლოდ ფეხსაცმელშია. ის ტერიტორიას ტოვებს.
4:06 საათზე მუსტაფა ალ-მადანის სტამბოლის სათვალთვალო კამერები ცისფერი მეჩეთის მიმდებარედ აფიქსირებენ, სადაც ის საპირფარეშოში შედის, იქიდან დაბრუნებულს კი, კვლავ საკუთარი სამოსი აცვია. მის თანმხლებ პირს ხელში შავი პოლიეთილენის პარკი აქვს.
მუსტაფა ალ-მადანი ტაქსიში ჯდება და სასტუმრო Movenpick -სკენ მიემართება, სადაც მისი თანმხლები პირი ნაგვის ურნაში შეფუთვას, (სავარაუდოდ ჯამალ ხაშოგის ტანსაცმელს) აგდებს.
ერთ-ერთ ბოლო კადრში მუსტაფა ალ-მადანი ლიფტთან წვერის გარეშეა დაფიქსირებული.
ოფიციალური ერ-რიადის განმარტებით, ჯამალ ხაშოგი საკონსულოში ხელჩართული ჩხუბის დროს მოკლეს. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან კი, ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს. ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, მისი სხეული კი დაანაწევრა.