საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რამდენიმე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ჩამონათვალს დაემატა შემდეგი ობიექტები:
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოხნარში მდებარე XI – XII საუკუნეების აძიკვის წმ. გიორგის ეკლესია და სამაროვანი; ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში;
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია;
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნავდარაანთკარი – გვიანი შუა საუკუნეების ნავდარაანთკარის ნასოფლარი; ქ. ბორჯომი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, XX საუკუნის 70-იანი წლები – პავილიონი/ავტობუსის გაჩერება; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყვიში, 1848 წელი, XIX საუკუნის მეორე ნახევარი; ნებოძირის კოშკი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ნებოძირი, XVII-XVIII საუკუნეები; ონიანის კოშკი და მაჩუბი – ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუკული, უბანი „ნაკიშერი“,გვიანი შუა საუკუნეები; დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის გერგეტის უბნის დაწყებითი სკოლა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, გერგეტის უბანი, 1887 წელი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება დღეს, 6 დეკემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.