ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ მათთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების პოზიცია მიუღებელია
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ მათთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების პოზიცია მიუღებელია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის სიმყარის შემოწმების მორიგ მცდელობად“ აფასებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, უარი თქვას ქართულ-ოსური დაპირისპირების განახლების პირობების შექმნის მცდელობებზე და ამით ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებაზე, რაც რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების არსებულ კონსტრუქციას სრულად დაანგრევს.“ ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხინვალის რეჟიმისთვის მიუღებელია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების, ევროკავშირისა და ეუთო-ს გაურკვეველი პოზიცია შექმნილ საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„კვლავ მივმართავთ ამ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოთხოვნით, მიმართონ მთელი ძალისხმევა იმისკენ, რომ საქართველოს ეს პროვოკაცია სამხრეთ ოსეთის მიმართ დაუყოვნებლივ შეწყდეს, ქართულ მხარეს კი მოუწოდონ ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც მზარდი კრიზისიდან კონსტრუქციული გამოსვლის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „გამაგრებული ობიექტიდან ქართული შეიარაღებული დანაყოფის გაყვანა და უკანონო მშენებლობის შეწყვეტა დაძაბულობის შემცირებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კონსტრუქციული მუშაობის განახლების საშუალებას შექმნიდა“.