ციმბირში 44 000 წლის წინ გაყინული მგლის სხეული აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მგელი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, თავის ასაკთან შედარებით, მშვენივრად გამოიყურება — წარმოიდგინეთ, ის 44 000 წლის წინანდელია.
2021 წელს, რუსეთში, იაკუტიაში, ადგილობრივებმა სქელ გაყინულ ნიადაგში (მრავალწლოვანი მზრალობა) მგელი იპოვეს; როგორც წესი, ასეთი ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში გაყინულია, მაგრამ გლობალური საშუალო ტემპერატურის მატებასთან ერთად, მრავალ ადგილას მიწამ ლღობა დაიწყო.
მუმიფიცირებული მგლის ნაშთებს ახლა იაკუტსკის ჩრდილ-დასავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევრები სწავლობენ, რათა ამ ცხოველის შესახებ უფრო მეტი რამ ისწავლონ.
პლეისტოცენის ეპოქის მტაცებლის მუმიფიცირება ყინვამ განაპირობა. დღემდე ხელუხლებლადაა შემონახული მისი კბილები, ბალანი და ზოგიერთი ორგანო.
„შოკისმომგვრელია. ის პლეისტოცენის ეპოქის ერთადერთი ზრდასრული, სრულყოფილი მგელია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის“, — ამბობს კანადის ალბერტას უნივერსიტეტის ანთროპოლოგი რობერტ ლოსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ასე კარგად შემონახული უძველესი ცხოველებიდან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ, მათ შორის, მისი გენეტიკა, ცხოვრების სტილი, კვების რაციონი და ისიც კი, რა სახის უძველესი ბაქტერიები და ვირუსები ჰქონდა მას.
„ბაქტერიებს ათასობით წლის განმავლობაში შეუძლიათ გადარჩენა და ისინი იმ უძველესი ხანის ერთგვარი მოწმეები არიან“, — ამბობს მკვლევარი არტემი გონჩაროვი.
სავარაუდოდ, ეს 44 000 წლის წინანდელი ამჟამად გადაშენებულ სახეობას ეკუთვნის და თანამედროვე მგლებზე უფრო დიდია. მისი გენომის შესწავლით დადგინდება, ზუსტად სად თავსდება ის ძაღლისებრთა ოჯახის ხეზე.
მისი ერთ-ერთი კბილის შესწავლის შემდეგ, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მგელი ზრდასრული ხვადი იყო. სავარაუდოდ ის ცივ მინდვრებში ნადირობდა, სადაც უხვად იყვნენ მამონტები, ბეწვიანი მარტორქები, ცხენები, ბიზონები და ირმები.
მგლის ნაწლავებში შეიძლება ზოგიერთი ამ ცხოველების ნარჩენებიც იყოს შემონახული. ამის დასადგენად მკვლევრებმა უკვე აიღეს ნიმუშები მისი კუჭიდან და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
მეცნიერებმა შეიძლება დაადგინონ ისიც, რა ფუნქციებს ასრულებდნენ მის ნაწლავებში უძველესი მიკრობები, ჰყავდა თუ არა მას პარაზიტები. თუ რომელიმე ასეთი მიკროორგანიზმი მეცნიერებისთვის უცნობი აღმოჩნდა, შეიძლება დაგვეხმარონ სამომავლოდ მედიკამენტთა შექმნაში.
გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, მსოფლიოში გაყინული ნიადაგები დნება და სულ უფრო მეტი უძველესი არსების ნაშთი გამოდის დღის სინათლეზე. მაგალითად, ბევრი ასეთი ნაშთია აღმოჩენილი კანადაშიც.
თუმცა, ათობით ათასი წლის წინანდელ არსებათა სხეულები გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს.
2016 წელს, ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს უძველესი ჩრდილოეთის ირმის გაყინული სხეული, რომლისგანაც 36 ადამიანს გადაედო ჯილეხი (ციმბირის წყლული). დაიღუპა ერთი ბავშვი.
მკვლევრები შიშობენ, რომ ტუნდრაში შეიძლება სხვა პათოგენებიც იყოს მიძინებული და გაყინული ნიადაგების ლღობისას ისინი გარემოში კვლავ გამოთავისუფლდეს.
შარშან, მკვლევარმა ჟან-მიშელ კლევერიმ განაცხადა, რომ გამოაცოცხლა ციმბირის გაყინულ ნიადაგში აღმოჩენილი 48 000 წლის წინანდელი ვირუსი, რომელმაც ერთუჯრედიანი ამების დაინფიცირება შეძლო.
„ამების დამაინფიცირებელ ამ ვირუსებს სუროგატებად განვიხილავთ ყველა იმ სხვა ვირუსისთვის, რომელიც შეიძლება გაყინულ ნიადაგებში იყოს. ვხედავთ ძალიან, ძალიან ბევრი სხვა ვირუსის კვალს. ვიცით, რომ ისინი იქაა, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, არიან თუ არა ჯერ კიდევ ცოცხლები“, — ამბობდა კველერი CNN-თან საუბრისას.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.