ციხეებში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა
ციხეებში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა

ციხეებში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციის შესრულების მიზნით იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის N403 ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით გადაღებული მასალის შენახვის 5-დღიანი ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა. ცვლილების პრაქტიკაში დანერგვა ფინანსურ და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გულისხმობს. 2019 წლის პირველი ივლისიდან ის გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდება, ხოლო სრულად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის პირველი იანვრისთვის იქნება დანერგილი.

მოცემული ცვლილების განხორციელება საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა.

„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების თავდაპირველი ვერსია ელექტრონული მეთვალყურეობის მასალების შენახვის 24 საათიან ვადას ითვალისწინებდა. ამავე მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანებით ეს ვადა 120 საათამდე (5 დღე-ღამე) გაიზარდა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქმის „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვისას,  2018 წლის დეკემბერში ასევე დაადგინა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის არსებული ხუთდღიანი ვადის გახანგრძლივების აუცილებლობა.

გარდა ამისა, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს გონივრულად მიაჩნია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის არანაკლებ 10 დღე-ღამემდე გაზრდა.

იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების შენახვის ვადა მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალა. ცვლილება, მომავალში, ჩანაწერების შენახვის ვადებთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის გამორიცხვას ისახავს მიზნად. მოცემულ ვადასთან მისადაგების მიზნით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ცვლილების ამოქმედების პერიოდი 2019 წლის პირველ ივლისიდან 2021 წლის დასაწყისამდე განისაზღვრა, რათა ცვლილებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური მზაობის ხარისხის გათვალისწინებით დაინერგოს. №2 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ცვლილება 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება; №12 პენიტენციურ დაწესებულებაში – 2020 წლის პირველი თებერვლიდან; №7, №9, №17 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში – 2020 წლის პირველი ივლისიდან; №5 და №6 პენიტენციურ დაწესებულებში – 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან; ხოლო №3, №11, №14, №16 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის პირველი იანვრიდან“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.