ციცქნა ვარსკვლავის გარშემო აღმოჩენილი გიგანტური პლანეტა ამ სხეულთა წარმოშობის ახალ ვერსიას გვთავაზობს.
იუპიტერის ზომის პლანეტა ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავთან, რომელსაც ჩვენი მზის მასის მხოლოდ 12 პროცენტი აქვს. ჩვენგან 31 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ამ სისტემაში შესაძლოა, გაზის გიგანტი სხვა პლანეტაც იმალებოდეს.
ესპანელ მკვლევართა ჯგუფის ცნობით, ახლად აღმოჩენილი პლანეტა არ წარმოიქმნება ჩვეულებრივი, თანმიმდევრული გზით, როდესაც ერთმანთთან შერწყმული ნაწილაკებისგან წარმოქმნილი მყარი ბირთვი გაზს იერთებს. მეცნიერთა გასაკვირად, ამ შემთხვევაში, ეს პლანეტა დაბადებულია პირდაპირ გაზისგან.
კვლევის ავტორის, კატალონიის კოსმოსურ კვლევათა ინსტიტუტის ასტროფიზიკოსის, ხუან კარლოს მორალესის განცხადებით, ეს პლანეტა შეიძლება ზომით იმხელა იყოს, რამხელაც არის მისი დედავარსკვლავი. მის გარშემო ერთ შემოვლას ის 200 დღეს ანდომებს.
მორალესის თქმით, ამ პლანეტის აღმოჩენა ძალიან ამაღელვებელია, რადგან არის სრულიად მოულოდნელი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დაბალმასიან ვარსკვლავებთან შეიძლება არსებობდეს მასიურ პლანეტათა ახალი პოპულაცია.
მორალესი და მისი ჯგუფი ფიქრობენ, რომ გრავიტაციული არასტაბილურობა ახალგაზრდა ვარსკვლავთა გაზისა და მტვრის დისკოში, შეიძლება გარკვეულწილად გამოწვეული იყოს უზარმაზარ პლანეტათა სწრაფი წარმოქმნით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვარსკვლავი მინიატურულია. ახლად აღმოჩენილი პლანეტა ამ პროცესის ექსტრაორდინარული კანდიდატია. გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრის, ჰუბერტ კლაჰრის განცხადებით, ეს აღმოჩენა მათ აიძულებს, გადახედონ ამჟამად არსებულ მოდელებს.
სულ მცირე იუპიტერის მასის ნახევრის მქონე პლანეტა გარს უვლის განსაკუთრებით პატარა და ცივ წითელ ჯუჯა ვარსკვლავს, სახელად GJ 3512. მეცნიერებმა მისი ზომების განსაზღვრა ვერ შეძლეს, მაგრამ როგორც მოდელები მიუთითებს, ის იუპიტერის ზომის უნდა იყოს.
პლანეტის აღმოსაჩენად, ესპანეთში განთავსებული ტელესკოპებით ასტრონომები აკვირდებოდნენ ვარსკვლავის რხევებს. ამ მეთოდს რადიალური სიჩქარის მეთოდი ეწოდება.
ვარსკვლავი იმდენად მკრთალია, რომ თითქმის ვერ მოხვდა ჯგუფის კვლევაში. მხოლოდ მისი კვლევა ძალისხმევადაც არ ღირდა, ამიტომ, მას რამდენიმე სხვა პატარა ვარსკვლავთან ერთად სწავლობდნენ.
„გაგვიმართლა, რომ ასე მოხდა, რადგან სხვაგვარად, ამ პლანეტას ვერასოდეს აღმოვაჩენდით“, — ამბობს კატალონიის კოსმოსურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი იგნასი რიბასი.
მორალესი და მისი ჯგუფი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მეორე პლანეტის ძებნას აგრძელებს. მათი განცხადებით, შეიძლება იქ მესამე პლანეტაც იყო, რომელიც დიდი ხნის წინ გაიტყორცნა სისტემის მიღმა.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით.