ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული სამი ახალშობილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

მისი თქმით, სამივე პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე.

„ამ ეტაპზე გაუმჯობესების კუთხით ვერაფერს სასიხარულოს ვერ გეტყვით, სამწუხაროდ, მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა მივაღწიეთ სტაბილურობას. ამ ეტაპზე გაუარესება არ გვაქვს. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ბავშვები გამოჯანმრთელებული დაუბრუნდნენ ოჯახებს. ჩართული არის ამაში „ევექსის“ ბორდი, რეანიმაციის და პედიატრიის ბორდი. მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს ვიყენებთ, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ჯანდაცვის სამინისტროსგან არის სრული ჩართულობა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 90-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას.

„რაც შეეხება ორი კვირის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი მდგომარეობაც სტაბილურია არ არის გაუარესება, ამ ეტაპისთვის მთავარი შედეგი არის, რომ გავაჩეროთ გაუარესების პროცესი და შემდგომში ვიზრუნოთ, რომ წამოვიდეს უკეთესობისკენ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში გაუარესება არ ყოფილა. სამივე პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე, მათი პარამეტრები არის საკმაოდ ხისტი და ამიტომაც ვამბობთ, რომ არის საშუალოზე მეტი სიმძიმის მდგომარეობა. სამიდან მხოლოდ ერთს აქვს სპეციფიკური „პისიარ“ ტესტით „დელტა“ – იგივე ინდური შტამი დადასტურებული. დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას ადგილი არ ჰქონია, მიზეზს ვერ მივაწერთ ამას. ერთთან არის ალფა შტამი და მესამის „პისიარი“ კეთდება და სავარაუდოდ მისი პასუხი დღეს გვექნება. რაც შეეხება გენომის სექვენირებას, დამოკიდებული ვართ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე, ისინი მოგვაწვდიან მაქსიმალურად მოკლე ვადაში პასუხს. ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 90-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას და ამაზე მეტი არ შემოსულა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.