ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ციციშვილის სახელობის კლინიკურმა დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, რეანიმაციის განყოფილებაში 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„სამი პაციენტი არის განსაკუთრებით მძიმე. ერთი არის 27 დღის ახალშობილი, ერთი 19 დღის. ორივე მართვით სუნთქვაზეა და მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თანმხლები დიაგნოზები აქვთ, 27 დღის ბავშვს – ახალშობილთა სეფსისი, დაუნის სინდრომი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის 16-ქულიანი დაზიანება. მეორე ბავშვს, რომელიც ბათუმიდან გადმოვიდა (19 დღის) ასევე ახალშობილთა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი. მესამე, გუშინ შემოვიდა ექვსი წლის ბავშვი, რომელსაც აქვს მძიმე თანმხლები ნევროლოგიური პრობლემები. შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზეა გადასული. 67 მშობლიდან, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული, ერთია ორჯერადად აცრილი და ერთია ერთჯერდად. ჩვილებს სხვა კონტაქტები არ აქვთ, გარდა ოჯახის წევრებთან კონტაქტებისა, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ დაავადებისგან, რადგანაც მათი ვაქცინაცია არ ხდება, ამის ერთადერთი საშუალება არის სამი რამ: დავიცვათ დისტანცია, სწორად გავიკეთოთ ნიღაბი და ჩავიტაროთ ვაქცინაცია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.