ციანიდის საქმე არგენტინაში - წამყვან მეცნიერს მყინვარების ციანიდით დაბინძურების გამო, პატიმრობა ემუქრება
ციანიდის საქმე არგენტინაში - წამყვან მეცნიერს მყინვარების ციანიდით დაბინძურების გამო, პატიმრობა ემუქრება

არგენტინის ერთ-ერთი წამყვანი გლაციოლოგის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ბრალდება საკმაოდ საკამათოა და შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს სრულიად ახალი სტანდარტების დამკვიდრება გარემოს დაბინძურებაში მეცნიერთა სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

არგენტინელ დედამიწის მეცნიერს, რიკარდო ვილიალბას ბრალად ედება მყინვართა ეროვნული აღრიცხვით მანიპულირება — ედავებიან, რომ გარემოს დაცვის ნუსხაში არ შეიტანა პატარა მყინვარები, რითაც სამთო ინდუსტრიას მათი ციანიდით დაბინძურების საშუალება მისცა.

2005-2015 წლებში, ვილიალბა არგენტინის თოვლის, ყინულისა და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტის (IANIGLA) ყოფილი დირექტორი იყო. სწორედ ამ პერიოდში მოხდა არგენტინის მყინვართა ფართო ქსელის პირველი დეტალური კატალოგის შექმნა.

მყინვარების აღნუსხვა 2011 წელს დაიწყო. თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით, ხდებოდა არგენტინის ყოველი იმ ყინულის მასის დოკუმენტირება, რომლის ზომაც 1 ჰექტარს აღემატებოდა.

ვილიალბასა და მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, რომლებიც ამ შემთხვევაში სწორედ მის მხარეს არიან, 1 ჰექტარი საერთაშორისო სტანდარტია ამ სახის მყინვართა აღსანუსხად.

„აღნუსხვის პროცესი არაფრით იყო გამორჩეული. ყინულის ნაჭერთა ეს ზომა სტანდარტული პრაქტიკაა“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის გლაციოლგი ბრიუს როპი.

არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქ სან-ხოსე-დე-ხაჩალის გარემოს დამცველ აქტივისტთა საზოგადოების განცხადებით, კატალოგში პატარა მყინვართა არშეტანა არღვევს 2010 წლის კანონს, რომელიც იცავს არგენტინის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მყინვარს. სწორედ მყინვარები უზრუნველყოფს სასმელი წყლის დიდ ნაწილს.

წყალი სასმელად უკვე უვარგისი ხდება, როცა რცა მყინვარები მძიმე მრეწველობის ნარჩენებით იწამლება. სულ მცირე ორჯერ, სწორედ ასე მოხდა ქალაქ სან-ხოსე-დე-ხაჩალის სიახლოვეს, როდესაც ველადეროს მაღაროში ციანიდი დაიღვარა.

„კანონი მყინვარებს ზედაპირის ზომის მიხედვით არ ანსხვავებს“, — უთხრა ჟურნალ Nature-ს ადვოკატმა დიეგო სეგუიმ, რომელიც სასამართლოში აქტივისტთა ჯგუფს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის მიერ დაწყებული სასამართლო საქმე სახელდობრ არც ვილიალბას ასახელებს და არც გარემოს დაცვის სამ ყოფილ მინისტრს, სამართალწარმოებისას ბრალი ოთხივე მათგანს წარედგინა, რადგან არგენტინის კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნა იწარმოება ინდივიდების და არა ორგანიზაციების მიმართ.

უცნობია თუ რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ ან მიესჯებათ თუ არა პატიმრობა მკვლევრებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაგრამ ვილიალბას უკვე აეკრძალა არგენტინის ფარგლებს გარეთ გასვლა და დაეკისრა 5 მილიონი პესოს (290 000$) ოდენობის გირაო.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვილიალბასადმი სიმპათიით არიან განწყობილი გარემოს დამცველი აქტივისტები და აცხადებენ, რომ მას უბრალოდ „ხელი შეაწმინდეს“.

„არ გვქონია არანაირი განზრახვა მომპოვებელი კომპანიების სასარგებლოდ“, — უთრა ვილიალბამ Science-ს.

„არც ერთ არგენტინულ უწყებას არ გაუკეთებია მყინვართა დაცვისთვის იმდენი, რამდენიც IANIGLA-ს“.

აღსანიშნავია, რომ კოლეგას ზურგს უმაგრებს მეცნიერთა გარკვეული ნაწილი, რომლებმაც მის მხარდასაჭერად ონლაინ-პეტიციაც გახსნეს. ერთი ნაწილი კი Twitter-ზე აქტიურობს და აცხადებს, რომ კომპანიების ქმედებაში ქვეყნის მოწინავე მეცნიერი დამნაშავე არაა.

„აშკარაა, რომ არ არსებობს არანაირი კავშირი მყინვარების კარტირებასა და ციანიდის დაღვრას შორის“, — უთხრა ჟურნალ Nature-ს კოლორადოს უნივერსიტეტის გეოგრაფმა ტომ ველბენმა.

„ეჭვგარეშეა, რომ რიკარდო ვილიალბას განტევების ვაცად იყენებენ“.

თუმცა, საქმეს ასე არ უყურებს არგენტინის პროკურატურა, რამაც შესაძლოა წარმოშვას სრულიად ახალი პრეცედენტი, თუ როგორ შეიძლება მიეცნენ არგენტინაში მეცნიერები სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში მაშინ, როდესაც ისინი უბრალოდ თავიანთ სამეცნიერო საქმეს ასრულებენ.

„ეს დაუჯერებელი ამბავი ნათლად წარმოაჩენს სამეცნიერო კვლევებისადმი ნდობის ნაკლებობასა და მზარდ უპატივცემულობას პოლიტიკოსებისა და ფართო საზოგადოების მხრიდან“, — უთხრა ჟურნალ Science-ს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის გლაციოლოგმა ეტიან ბერტიემ.

„ეს ძალიან სახიფათოა“.

რიკარდო ვილიალბა

მომზადებულია sciencemag.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით