ჩვენთან ახალი გერეირო ჩაირიცხა - ჩხეტიანი „ბრაგას“ 23-წლამდელებში ითამაშებს #1TVSPORT
ევროპაში კარიერის ასაწყობად კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი მოთამაშე წავიდა – პორტუგალიური „ბრაგას“ ცნობით, გუნდში გიორგი ჩხეტიანი ჩაირიცხა.
„ბრაგაში საქართველოდან ჩამოფრინდა. ჩვენს გუნდში ახალი გერეირო ჩაირიცხა. გიორგი ჩხეტიანი ქართული „დინამო თბილისიდან“ ჩამოვიდა, რათა 23-წლამდელთა გუნდი გააძლიეროს“, – ინფორმაციას „ბრაგას“ ვებ-გვერდი ავრცელებს.
ფეხბურთელი, ვისაც ქართველი შეადარეს, რაფაელ გერეირო გახლავთ – ბუნდესლიგის დორტმუნდის „ბორუსიისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. მას მარცხენა მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია.
გიორგი ჩხეტიანიც უნივერსალია – „დინამოს აკადემიაში“ და ასაკობრივ ნაკრებში მარცხენა მცველად თამაშობდა, თუმცა მისთვის უცხო არც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაა. გიორგი ჩხეტიანი 2003 წელსაა დაბადებული და „დინამო თბილისის“ აკადემიაში ლუკა გაგნიძის („ურალი“) და გიგი აბუაშვილის („პორტუ” U19) თანაგუნდელი იყო. მათთან ერთად იცავდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას, რომლის ფორმაც 10-ჯერ მოირგო.
ეროვნულ ლიგაში ჩხეტიანმა ერთი მატჩი ჩაატარა – ეს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, 8 აგვისტოს „საბურთალოსთან“ მატჩის დროს მოხდა. 18 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო შეხვედრა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა.