გაგნიძე ძირითადში პირველად ათამაშეს - „ურალმა“ დაბალი ლიგის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
გაგნიძე ძირითადში პირველად ათამაშეს - „ურალმა“ დაბალი ლიგის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

ლუკა გაგნიძემ „დინამო თბილისიდან“ რუსეთში გადასვლის შემდეგ შეხვედრა სრულად პირველად ჩაატარა – 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ეკატერინბურგის „ურალის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

რუსეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე ეკატერინბურგის „ურალი“ ვლადიმირში „ტორპედოს“ ესტუმრა და რანგით მესამე ლიგის გუნდი საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა – 2:0. ეს სეზონში „ურალის“ პირველი გამარჯვება იყო, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელის, იგორ შალიმოვის ხელმძღვანელობით მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი მეტოქის კარში ანდრეი ეგორიჩევმა მე-10 წამზე გაიტანა. მასპინძლებს მე-7 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს. საბოლოო ანგარიში მე-16 წუთზე ანდრეი პანიუკოვმა დააფიქსირა – 0:2.

გაგნიძეს თავი არ გამოუჩენია შედეგიანი მოქმედებით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტრავმის შემდეგ მომჯობინდა, მატჩი სრულად ჩაატარა და სათამაშო პრაქტიკა აქვს.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისიდან“ მოსკოვის „დინამოში” ზაფხულში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა გაგნიძის ტრანსფერში არაოფიციალური ცნობებით რუსულმა კლუბმა 1,5 მილიონი ევრო გადაიხადა, ის ეკატერინბურგის „ურალი“ იჯარით გაუშვა, სადაც ლუკას აქამდე სამი მატჩი ჰქონდა ნათამაშები და სამივე შეცვლაზე, ჯამში კი მხოლოდ 70 წუთი დაუგროვდა.