აღმოჩენილია თითქმის ზუსტად დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა, რომელიც არც თუ ისე შორეულ, ციცქნა ვარსკვლავს უვლის გარშემო.
მას K2-415b უწოდეს და ჩვენს მშობლიურ პლანეტასთან მსგავსებებმა და განსხვავებებმა შეიძლება გარკვეული სინათლე მოჰფინოს, თუ როგორ წარმოიქმნება და ვითარდება დედამიწის მსგავსი პლანეტები ჩვენგან ძლიერ განსხვავებულ სისტემებში.
„M ჯუჯა ვარსკვლავთა პატარა პლანეტები კარგი ლაბორატორია კლდოვან პლანეტათა ატმოსფერული მრავალფეროვნების და იმ გარემო პირობების შესასწავლად, რომელშიც სიცოცხლისათვის ხელსაყრელი კლდოვანი პლანეტა შეიძლება არსებობდეს“, — წერს ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც იაპონიის ასტრობიოლოგიის ცენტრის მკვლევარი ტერუიუკი ჰირანო ხელმძღვანელობდა.
მკვლევართა განცხადებით, K2-415 ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველზე დაბალმასიანი ვარსკვლავია, რომლის გარშემოც დედამიწის ზომის პლანეტა მოძრაობს და შესაბამისად, საინტერესო სამიზნე იქნება შემდეგი დაკვირვებებისთვის, მათ შორის, რადიალური სიჩქარის მონიტორინგითა და ტრანზიტული სპექტროსკოპიით.
გალაქტიკა ირმის ნახტომი ძალიან დიდია, აურაცხელი საინტერესო პლანეტით, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თავს „არიდებს“ ერთ-ერთ უდიდეს კითხვას, რომელიც კაცობრიობას ოდესმე დაუსვამს: რატომ ვართ აქ? რატომ, როგორ და რაღა მაინცდამაინც ამ პლანეტაზე? გაჩნდა თუ არა სიცოცხლე კიდევ სხვაგან, სადმე სხვა პლანეტაზეც?
გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ადგილია მთელ სამყაროში, სადაც დადასტურებულად ვიცით, რომ სიცოცხლე აღმოცენდა, ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელმაც შეიძლება ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი გაგვცეს, არის დედამიწის მსგავს პლანეტათა პოპულაცია. მსგავსი ზომის, შემადგენლობის, ტემპერატურის და მასის; ალბათ პლანეტური სისტემის არქიტექტურითაც.
ასეთი კვლევების დასაწყებად საუკეთესო ეგზოპლანეტათა პოპულაციაა პატარა, დედამიწის ზომის პლანეტები, რომლებიც შედარებით ახლომდებარე პატარა ვარსკვლავთა გარშემო მოძრაობენ ისე, რომ ახორციელებენ ტრანზიტს, ანუ ჩაივლიან თავის ვარსკვლავსა და ჩვენ შორის. ასეთ პლანეტებში შეგვიძლია შევისწავლოთ მათი ატმოსფეროც.
როდესაც ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის წინ ჩაივლის, ვარსკვლავის სინათლის რაღაც მცირე ნაწილი მის ატმოსფეროში გაივლის, რა დროსაც, სპექტრის გარკვეული ტალღის სიგრძეები ატმოსფეროში არსებულ ელემენტთა მიერ შთაინთქმება ან გაძლიერდება.
წითელი ჯუჯების მსგავს პატარა, მკრთალ, ცივ ვარსკვლავთა გარშემო, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ტემპერატურის ზონა ვარსკვლავთან გაცილებით უფრო ახლოს არის მოქცეული, ვიდრე ვიდრე მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო. ეს იმას ნიშნავს, რომ ორბიტული პერიოდი მოკლეა და შესაბამისად, შესაძლებელია უფრო მეტი ტრანზიტის ჩაწერა და სპექტრული მონაცემების შეგროვება. და რაღა თქმა უნდა, ახლომდებარე ვარსკვლავები უფრო კაშკაშად ჩანს, რაც ასეთ დაკვირვებებს აადვილებს.
თუმცა, პატარა ეგზოპლანეტების პოვნა გაცილებით რთულია, ვიდრე დიდების. მზის სისტემიდან 100 სინათლის წლის რადიუსში, წითელი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო აღმოჩენილია მხოლოდ 14 ისეთი ეგზოპლანეტა, რომელთა რადიუსიც 1,25 დედამიწის რადიუსზე ნაკლებია. მათ შორის არის სისტემა TRAPPIST-1-ის შვიდი პლანეტაც.
როგორც ჩანს, ჰირანოს და მის კოლეგებს ძლიერ გაუმართლათ. ეგზოპლანეტა K2-415b-ის რადიუსი დედამიწისას მხოლოდ 1,015-ჯერ აღემატება და გარს უვლის ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე პატარა წითელ ჯუჯა ვარსკვლავს. ამ ვარსკვლავს, სახელად K2-415-ს, ჩვენი მზის მასის მხოლოდ 16 პროცენტი გააჩნია.
ეგზოპლანეტა პირველად კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში 2017 წელს შენიშნეს; შემდეგში ის გამოჩნდა კეპლერის მემკვიდრის, ტელესკოპ TESS-ის მონაცემებშიც.
მკვლევრებმა დაკვირვებები განაგრძეს, ჩაატარეს ინფრაწითელი დაკვირვებები, რათა ენახათ, დაფიქსირდებოდა თუ არა მცირე „რხევები“ ვარსკვლავის მოძრაობაში, რასაც როგორც წესი, განაპირობებს ხოლმე ეგზოპლანეტის გრავიტაცია.
მთელმა ამ მონაცემებმა ცხადყო, რომ იქ პლანეტაა, გამოავლინა მისი მახასიათებლებიც. ეგზოპლანეტის ტრანზიტის დროს დაბლოკილი ვარსკვლავის სინათლის რაოდენობის საფუძველზე შესაძლებელია პლანეტის რადიუსის გამოთვლა, რხევების რაოდენობის საფუძველზე კი მისი მასის.
ამ ორი მახასიათებლის კომბინირებით შესაძლებელია ეგზოპლანეტის სიმკვრივის დადგენა; და რა თქმა უნდა, ტრანზიტების პერიოდულობა გვეუბნება ეგზოპლანეტის ორბიტული პერიოდის შესახებ.
აი, სწორედ აქ იწყება K2-415b-ის განსხვავებები დედამიწისგან, თანაც ძლიერ. მიუხედავად იმისა, რომ ის დედამიწის ზომისაა, მისი მასა გაცილებით დიდია, ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით სამჯერ მეტი. ანუ, K2-415b დედამიწაზე უფრო მკვრივია.
ამას გარდა, ის თავის ვარსკვლავთან ძლიერ ახლოსაც არის: ერთ გარშემოვლას სულ რაღაც ოთხ დღეს ანდომებს. მართალია, წითელ ჯუჯებთან სასიცოცხლო ზონა გაცილებით უფრო ახლოს არის, ვიდრე მზესთან, მაგრამ ეს პლანეტა წითელი ჯუჯის კვალობაზეც კი ძლიერ ახლოდან მოძრაობს მის გარშემო.
K2-415b მოთავსებულია მისი ვარსკვლავის, K2-415-ის სასიცოცხლო ზონის შიდა კიდეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეიძლება ჰქონდეს ატმოსფერო და ეს დავადგინოთ კიდეც. მზის სისტემაში, ვენერა სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული და მისი ატმოსფერო ფრიად მკვრივი და დამაინტრიგებელია.
არ არის გამორიცხული ისიც, რომ K2-415 მრავალპლანეტიანი სისტემა იყოს; შესაბამისად, არის შესაძლებლობა, რომ მის სასიცოცხლო ზონაში სხვა, ამჟამად დაუფიქსირებელი ეგზოპლანეტაც მოძრაობდეს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ K2-415b-ე სიცოცხლის რაიმე ნიშნების პოვნა შევძლოთ. თუმცა, ეს სისტემა ბრწყინვალე სამიზნეა ეგზოპლანეტათა ატმოსფეროების შესასწავლად და სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელი პლანეტების ძებნის გასაუმჯობესებლად.
კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astronomical Journal-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.