დედამიწა მზის გარშემო ღუზაზე დაბმული გემივით წრიულად მოძრაობს. რა მოხდება, თუ ვიღაც ან რაღაც ამ თოკს გადაჭრის?
დაიწყებს თუ არა თუ არა ვარსკვლავის სისტემიდან მოწყვეტილი პლანეტა ვარსკვლავთშორის სივრცეში უსასრულოდ, თავისუფლად ხეტიალს? რა ხდება, როდესაც პლანეტა მოხეტიალე ხდება?
მეცნიერები ეჭვობენ, რომ ირმის ნახტომში არსებობს მილიარდობით თავისუფლად მონავარდე, ანუ „მოხეტიალე“ პლანეტა, მაგრამ მზის სისტემის მიღმა აღმოჩენილ 4000-ზე მეტ პლანეტას შორის, მხოლოდ რამდენიმეა მოხეტიალეობის კანდიდატი.
ამ პოტენციურ მოხეტიალე პლანეტათა უმეტესობა როგორც ჩანს უზარმაზარია, მასით იუპიტერზე 40-ჯერ მეტი (იუპიტერს დედამიწაზე 300-ჯერ მეტი მასა აქვს). თუმცა, ასტრონომები აცხადებენ, რომ ამჯერად დააფიქსირეს მოხეტიალე პლანეტა, რომელიც სხვებისგან სრულიად განსხვავებულია: ციცქნა, თავისუფლად მონავარდე პლანეტა, რომელსაც დაახლოებით დედამიწის მსგავსი მასა აქვს და ირმის ნახტომში დაჰქრის.
ეს გახლავთ ყველაზე პატარა მოხეტიალე პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის და მან შეიძლება დაამტკიცოს საკმაოდ ძველი კოსმოსური თეორია.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს პატარა სხეული შეიძლება პირველი რეალური მტკიცებულება იყოს იმისა, რომ დედამიწის ზომის, თავისუფლად მონავარდე პლანეტები ერთ-ერთი ყველაზე მეტად წარმოდგენილი ობიექტებია გალაქტიკაში.
„ასეთი მცირე მასის ობიექტთა დაფიქსირების შანსები უკიდურესად დაბალია. ჩვენ ან ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, ან ასეთი ობიექტი ძალიან ბევრია ირმის ნახტომში. შეიძლება, ისინი იმდენივეა, რამდენიც ვარსკვლავი“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი პრშემეკ მროზი.
ჩვენს გალაქტიკაში არსებულ პლანეტებს მათი დედავარსკვლავის საშუალებით ვხედავთ. ასტრონომები აფიქსირებენ მცირე, რეგულარულ ჩაბნელებებს მათ სინათლეში, რაც გამოწვეულია ვარსკვლავსა და ჩვენ შორის პლანეტის გავლით (ტრანზიტის მეთოდი).
როდესაც პლანეტა ძალიან პატარაა ან ძალიან შორსაა და მისი პირდაპირ დანახვა შეუძლებელია, მეცნიერებს მისი შემჩნევა მაინც შეუძლიათ იმ მცირე გრავიტაციული გავლენით, რაც მას საკუთარ დედავარსკვლავზე აქვს (რადიალური სიჩქარის მეთოდი).
მოხეტიალე პლანეტებს კი არც დედავარსკვლავი ჰყავთ და არც საკუთარი სინათლე გააჩნიათ, რათა ტელესკოპმა მათი დაფიქსირება შეძლოს. მოხეტიალე პლანეტის დაფიქსირება შესაძლებელია აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი ეფექტით, რომელსაც გრავიტაციული ლინზირება ეწოდება.
ამ ფენომენის დროს, პლანეტა ან უფრო მასიური ობიექტი კოსმოსური გამადიდებელი შუშასავით მოქმედებს, რომელიც დედამიწის პერსპექტივიდან დროებით ამრუდებს მის უკან არსებულ ობიექტთა სინათლეს.
„თუ დედამიწაზე მყოფ დამკვირვებელსა და შორეულ ვარსკვლავს შორის რაიმე მასიური ობიექტი გაივლის, მისმა გრავიტაციამ შეიძლება გაამრუდოს და დააფოკუსოს ვარსკვლავის სინათლე. დამკვირვებელი გაზომავს ვარსკვლავის სინათლის ხანმოკლე აკაშკაშებას“, — ამბობს მროზი.
რაც უფრო პატარაა სინათლის გამამარუდებელი ობიექტი, მით უფრო ხანმოკლეა ვარსკვლავის სინათლის აკაშკაშება. იუპიტერზე რამდენჯერმე მასიურმა პლანეტამ შეიძლება აკაშკაშების ისეთი ეფექტი წარმოქმნას, რომ რამდენიმე დღე გაგრძელდეს, მაგრამ დედამიწის ზომის პლანეტა ვარსკვლავის სინათლეს მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ააკაშკაშებს. ასეთი შემთხვევები გაცილებით იშვიათია და „მიკროლინზირება“ ეწოდება.
„მირკოლინზირებაზე დაკვირვების შანსი უკიდურესად მცირეა. მხოლოდ ერთ ვარსკვლავს რომ ვაკვირდებოდეთ, მილიონობით წელიწადს დაგვჭირდებოდა მოცდა, რომ მისი სინათლის მიკროლინზირების მომსწრე გავმხდარიყავით“, — აღნიშნავს მროზი.
საბედნიეროდ, მროზი და მისი კოლოეგები კვლევისას მხოლოდ ერთ ვარსკვლავს კი არა, ასობით მილიონს აკვირდებოდნენ. ვარშავის უნივერსიტეტის ტელესკოპ OGLE-ს გამოყენებით (რომელიც სპეციალურად გრავიტაციული ლინზირების მოვლენებს ეძებს და 1992 წლიდან დღემდე 17 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა), ჯგუფმა ირმის ნახტომის ცენტრის მიმართულებით მიკროლინზირების ნიშნების ძებნა დაიწყო.
2016 წლის ივნისში მათ ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე მიკროლინზირება შენიშნეს. ვარსკვლავი ჩვენგან 27 000 სინათლის მანძილზე მდებარეობდა, გალაქტიკის ყველაზე მკვრივ ნაწილში და ის 42 წუთის განმავლობაში აკაშკაშდა.
გამოთვლებმა აჩვენა, რომ აკაშკაშების გამომწვევი ობიექტი მიბმული არ იყო 8 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე არსებულ არც ერთ ობიექტთან (ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის), რაც თითქმის გადაჭრით ნიშნავს იმას, რომ ის საკუთარი ვარსკვლავური სისტემიდან უფრო მასიური ობიექტის მიერ გამოგდებული და გალაქტიკაში თავისუფლად მოხეტიალე ციცქნა პლანეტაა.
აკაშკაშებული ვარსკვლავიდან დაშორების საფუძველზე ჩატარებული გამოთვლები მიუთითებს, რომ მოხეტიალე პლანეტას დედამიწაზე 1,5-ჯერ მეტი მასა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ყველაზე პატარა მოხეტიალე პლანეტაა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, რაც უდიდესი მიღწევაა პლანეტურ მეცნიერებაში.
„პლანეტის ფორმაციის თეორიები პროგნოზირებს, რომ თავისუფლად მონავარდე პლანეტათა უმეტესობა დედამიწის მასის ან უფრო პატარა უნდა იყოს, მაგრამ ასეთი დაბალმასიანი პლანეტა რეალურად პირველად ვიპოვეთ. მართლაც ამაღელვებელია, რომ აინშტაინის თეორია გალაქტიკაში მოხეტიალე ციცქნა კლდოვანი ნამსხვრევის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევს“, — ამბობს მროზი.
კვლევის თანაავტორი, ვარშავის უნივერსიტეტის ასტრონომი რადეკ პოლესკი დარწმუნებულია, რომ ამას მოჰყვება სხვა მრავალი ასეთი ციცქნა კლდოვანი ნამსხვრევის აღმოჩენა.
მისი თქმით, გალაქტიკის მცირე მიკროლინზირების მოვლენებისადმი გაცილებით მგრძნობიარე იქნება პლანეტებზე მონადირე სამომავლო ტელესკოპები, მაგალითად, NASA-ს ნენსი გრეის რამონის კოსმოსური ტელესკოპი. თუკი გალაქტიკა მართლაც გადავსებულია დედამიწის ზომის მოხეტიალე პლანეტებით, მრავალი მათგანის აღმოჩენამდე არც ისე დიდხანს მოგვიწევს ლოდინი.
კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.