ჩვენგან 40 სინათლის მანძილზე ვარსკვლავთან აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ძლიერ ჰგავს დედამიწას.
ამ ეგზოპლანეტას ჩვენი მშობლიური პლანეტის მსგავსი რადიუსი აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასაც კლდოვანი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს. ამავე დროს, პლანეტა, სახელად Gliese-12b, თავის ვარსკვლავს გარს უვლის ისეთი მანძილიდან, რომ ის შეიძლება ხელსაყრელი იყოს სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმისთვის.
„ჩემი აზრით, ეს პლანეტა ამ დრომდე ყველაზე მკაფიო პასუხს მოგვცემს, ვიდრე სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი სხვა ნებისმიერი პლანეტა იმის შესახებ, არის თუ არა მასზე სასიცოცხლო გარემო პირობები. მისი დედავარსკვლავი არააქტიურია, ჩვენთან უკიდურესად ახლოს არის და შესაბამისად, შესაძლებელია მისი კარგად დახასიათება“, — ამბობს ავსტრალიის სამხრეთ ქუინზლენდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი შიშირ დოლაკია.
ჯერ უცნობია, აქვს თუ არა Gliese-12b-ს ატმოსფერო. ეს კი სწორედ ის ფაქტორია, რომელმაც უდიდესი სხვაობა შეიძლება განაპირობოს — პლანეტა დედამიწის მსგავსად სიცოცხლისუნარიანი იქნება თუ ვენერას მსგავსად გადახრუკული.
„Gliese-12b წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო სამიზნეს იმის შესასწავლად, შეუძლიათ თუ არა ცივ ვარსკვლავებთან მოძრავ დედამიწის ზომის მსგავს პლანეტებს ატმოსფეროს შენარჩუნება, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია გალაქტიკაში პლანეტების სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის შესასწავლად“, — განმარტავს დოლაკია.
ამ დროისათვის, მზის სისტემის მიღმა უკვე აღმოჩენილია 5600-ზე მეტი პლანეტა, ანუ ეგზოპლანეტა, მაგრამ დედამიწა 2.0 ჯერ არ გვიპოვია. აღმოჩენილ პლანეტათა უმეტესობა დედამიწაზე დიდია.
დედამიწის მსგავსი ზომისა და მასის რამდენიმე ეგზოპლანეტა უკვე აღმოჩენილია, მაგრამ გაცილებით რთულია დედამიწის ზომის ისეთ პლანეტათა პოვნა, რომლებიც სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის გარემო პირობებს აკმაყოფილებენ.
ერთ-ერთი ასეთი გარემო პირობა, რომელიც ეგზოპლანეტას სჭირდება, არის ის, რომ ვარსკვლავისგან მანძილის გარკვეულ დიაპაზონში უნდა მოძრაობდეს, რასაც სასიცოცხლო ზონას უწოდებენ. ამას კი ის ტემპერატურა განსაზღვრავს, რომელსაც ეგზოპლანეტა ვარსკვლავისგან იღებს. საჭიროა, რომ ეგზოპლანეტა ვარსკვლავთან საკმარისად ახლოს იყოს, რათა მის ზედაპირზე წყალი არ გაიყინოს და თხევადი იყოს; მაგრამ არც ისე ახლოს, რომ წყალი მთლიანად აორთქლდეს.
მზის სისტემაში, დედამიწა სასიცოცხლო ზონის შუაგულშია მოქცეული. ვენერა მზესთან ცოტა ახლოს არის. მარსი ამ ზონის ზედ გარე საზღვართან. ეს ორი პლანეტა კარგი მტკიცებულებაა იმისა, რომ უბრალოდ სასიცოცხლო ზონაში მდებარეობა სულაც არ არის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო პირობების გარანტია. ეს უბრალოს საწყისი წერტილია ისეთ პლანეტათა გამოსავლენად, რომელთა უფრო ახლო კვლევაც ღირს სიცოცხლისუნარიანობის ნიშნების საპოვნელად.
სწორედ აქ გამოჩნდა Gliese-12b. ის NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპის, TESS-ის მონაცემებში იპოვეს. ამის შემდეგ, დოლაკიამ, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარმა ლარისა პელეთორპმა და მათმა კოლეგებმა რამდენიმე სხვადასხვა ტელესკოპით დაადასტურეს, რომ TESS-ის მონაცემები სწორი იყო.
დაადგინეს, რომ ეგზოპლანეტას თითქმის დედამიწის მსგავსი რადიუსი აქვს და თავის ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 12,76 დღეს ანდომებს. აქ, მზის სისტემაში, ეს ზედმეტად ახლო მანძილი იქნებოდა, მაგრამ Gliese-12 წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, გაცილებით უფრო ცივი და მკრთალი, ვიდრე ჩვენი მზე. ეგზოპლანეტა მისგან იმაზე 1,6-ჯერ მეტ რადიაციას იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან.
ამ ეგზოპლანეტის ზედაპირის სავარაუდო ტემპერატურა 42 °C-ია. შედარებისათვის, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 15 °C-ია.
თუმცა, ზედაპირის გარემო პირობებში უდიდეს როლს ასრულებს ატმოსფერო.
„ციტირებთ პლანეტის „კვილიბრუმის ტემპერატურას“, რაც წარმოადგენს ტემპერატურას პლანეტისთვის, რომელსაც ატმოსფერო არ აქვს. ამ პლანეტის უდიდესი სამეცნიერო ფასია იმის გაგება, თუ რა სახის ატმოსფერო შეიძლება ჰქონდეს მას. ვინაიდან Gliese-12b დედამიწასა და ვენერას შორის ოდენობის სინათლეს იღებს, მზის სისტემაში ამ ორ პლანეტას შორის ხიდის გადება ღირებული იქნებოდა“, — განმარტავს დოლაკია.
Gliese-12b ვენერას მიერ მიღებული რადიაციის დაახლოებით 85 პროცენტს იღებს, მაგრამ ვენერას სქელი ატმოსფერო აკრავს, რომელიც იქ სათბურის ეფექტს წარმოქმნის და შედეგად, მის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა 464 °C-ია.
„მიჩნეულია, რომ დედამიწამ და ვენერამ პირველი ატმოსფერო დაკარგეს და შემდეგ ის ხელახლა შეივსო ვულკანების მიერ ამოფრქვეული აირებითა და მზის სისტემაში ნარჩენი მასალების ბობმარდირებით. დამატებითი ატმოსფერული ანალიზებია საჭირო, რათა დადგინდეს, არის თუ არა ეს პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. მიუხედავად ამისა, ის უკვე ბევრს გვასწავლის სიცოცხლისუნარიანობის იმ გზების შესახებ, რომლებსაც პლანეტები გადიან“, — ამბობს პალეთორპი.
დედამიწასთან სიახლოვის, რადიუსისა და თავის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონის კიდესთან მდებარეობის გამო, ასევე იმის გამოც, რომ მის ვარსკვლავს ამოფრქვევები ნაკლებად ახასიათებს, Gliese-12b ალბათ საუკეთესო კანდიდატია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ დეტალურ დაკვირვებებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით შეძლებენ, რათა ნახონ, აქვს თუ არა მას ატმოსფერო და რისგან შედგება ის.
„ჯეიმს ვები სავარაუდოდ მკაფიო სურათს მოგვცემს მისი ატმოსფეროს შესახებ. ამ ეტაპზე, ამ პლანეტის ყველაზე დიდი მნიშვნელობის უცნობი სწორედ ატმოსფეროა, რომელსაც წამში შეუძლია გაანადგუროს ვარაუდები მისი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ“, — ამბობს დოლაკია.
მისი განცხადებით, ამ პლანეტიდან მიღებული ცნობები დიდად გამოგვადგება წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ სხვა პლანეტათა შესასწავლადაც. წითელი ჯუჯები ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავთა ყველაზე გავრცელებული სახეობაა.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.