ჩვენგან 22 სინათლის წლის მანძილზე, დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ჩვენგან 22 სინათლის წლის მანძილზე, დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ჩვენგან სულ რაღაც 22 სინათლის წლის მანძილზე, პატარა, წითელ ჯუჯა ვარსკვლავს გარს უვლის პლანეტა, რომელიც ჩვენთვის ცნობილ დედამიწის ზომის პლანეტებს შორის, მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

მისი სახელია LTT 1445 Ac, აქვს 1,37 დედამიწის მასა და ჩვენს პლანეტაზე 1,07-ჯერ დიდი რადიუსი.

სამწუხაროდ, ის ზედმეტად ცხელია, რათა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს, მაგრამ დედამიწასთან მსგავსების გამო, ფაქტობრივად, ჩვენი პლანეტის ანალოგია — იმდენად ჰგავს დედამიწას, რომ მისი დახმარებით შეიძლება შევისწავლოთ, როგორ ვითარდება პლანეტები, რატომ განსხვავდებიან დედამიწის მსგავსი პლანეტები ერთმანეთისგან ასე ძლიერ.

LTT 1445 Ac პირველად 2021 წელს, NASA-ს პლანეტებზე მონადირე კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ის მონაცემებში შენიშნეს; თუმცა, მასზე დაკვირვებები გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც, ასტრონომებს მის მახასიათებელთა ზუსტად დადგენა არ შეეძლოთ.

ეგზოპლანეტა ფრიად უჩვეულო სისტემაში მდებარეობს: ვარსკვლავი, რომელსაც გარს უვლის, გრავიტაციულად შეკრული სამმაგი ვარსკვლავური სისტემის ნაწილია.

ეგზოპლანეტებს ასტრონომები პოულობენ და სწავლობენ დედავარსკვლავთა სინათლის ცვლილებათა საფუძველზე. თუმცა, ვარსკვლავურ სისტემებში, კომპანიონ ვარსკვლავთა სინათლეზე ერთმანეთის სინათლეზეც აქვთ გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიული თვალსაზრისით 22 სინათლის წელიწადი შედარებით ახლო მანძილია, დედამიწის ზომის პლანეტა საკმაოდ პატარაა, რათა დავაკვირდეთ და შევისწავლოთ.

ეგზოპლანეტის თვისებათა შესასწავლად, იდეალურია ორი ტიპის გაზომვა. პირველია ტრანზიტული მონაცემები — მცირე ჩაბნელებები ვარსკვლავის სინათლეში, რასაც ეგზოპლანეტის გავლა იწვევს ვარსკვლავსა და ჩვენ შორის.

მეორეა რადიალური სიჩქარის მონაცემები; ამით იზომება ეგზოპლანეტის გრავიტაციული გავლენა ვარსკვლავზე, რისთვისაც იწერენ ცვლილებებს ვარსკვლავის სინათლის ტალღის სიგრძეში, რასაც იწვევს მისი ძალიან მცირე, ადგილზე რხევები.

ტრანზიტული მონაცემებით შესაძლებელია ეგზოპლანეტის რადიუსის დადგენა, რასაც ანგარიშობენ ტრანზიტისას დაბლოკილი ვარსკვლავის სინათლის საფუძველზე. რადიალური სიჩქარის მონაცემები კი ეგზოპლანეტის მასას გვეუბნება.

საერთო ჯამში, რადიუსისა და მასის საფუძველზე შესაძლებელია ეგზოპლანეტის სიმკვრივის დადგენა; ამის შემდეგ, საკმაოდ კარგად შეგვიძლია შევაფასოთ ეგზოპლანეტის შემადგენლობა.

დაბალი სიმკვრივე დიდ ატმოსფეროზე მიუთითებს, მაგალითად, გაზის გიგანტზე. მაღალი სიმკვრივე კი ნიშანია, რომ ეგზოპლანეტას კლდოვანი შემადგენლობა აქვს, დედამიწის, ვენერას, მარსისა და მერკურის მსგავსად.

TESS-ი ეგზოპლანეტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებს, მაგრამ LTT 1445 Ac-ის შესახებ მისი მონაცემები საკმაოდ ბუნდოვანია, რაც ართულებს იმის დადგენას, ვარსკვლავის სინათლის ჩაბნელება მთლიანი პლანეტის გავლით იყო გამოწვეული თუ ვარსკვლავის დისკოს მისი მხოლოდ ნაწილი ფარავდა.

ეგზოპლანეტის არსებობა რადიალური სიჩქარის მეთოდით დადასტურდა. თუმცა, ეგზოპლანეტის უკეთესად შესასწავლად, საჭირო იყო მაღალი რეზოლუციის ტრანზიტული მონაცემები.

სწორედ აქ ჩაერთო საქმეში ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი. მკვლევართა ჯგუფი ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსის, ემილი პასის ხელმძღვანელობით, ვარსკვლავურ სისტემა LTT 1445-ს ჰაბლით დააკვირდა — ეძებდნენ LTT 1445 Ac-ის ტრანზიტს.

სისტემაში ვარსკვლავის სინათლის ჩაბნელებათა ნაწილი სამი ვარსკვლავის ერთმანეთთან ურთიერთქმედების შედეგი აღმოჩნდა; ეს იყო TESS-ის მონაცემებში არსებული ზოგიერთი გაურკვევლობის მიზეზიც. თუმცა, ჯგუფმა ვარსკვლავის წინ ეგზოპლანეტის გავლის ჩაწერა შეძლო, რის შედეგადაც, პასმა და მისმა კოლეგებმა LTT 1445 Ac-ის დიამეტრი მაღალი რეზოლუციით გაზომეს.

როდესაც მასაც და რადიუსიც უკვე ხელთ ჰქონდათ, მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ პლანეტის საშუალო სიმკვრივე 5,9 გრამია კუბურ სანტიმეტრზე. დედამიწის სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე 5,51 გრამია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ LTT 1445 Ac კლდოვანი ეგზოპლანეტაა და შემადგენლობით ძლიერ ჰგავს დედამიწას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პლანეტა სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის ხელსაყრელი იყოს. მისი დედავარსკვლავი წითელი ჯუჯაა, მზეზე უფრო ცივი და მკრთალი ვარსკვლავი. მის გარშემო ერთ შემოვლას ეგზოპლანეტა სულ რაღაც 3,12 დღეს ანდომებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ტემპერატურა 260 გრადუს ცელსიუსზე მაღალი უნდა იყოს.

უკეთესი ტრანზიტული მონაცემების მიღების შემთხვევაში, უკეთესად შევისწავლით მის ატმოსფეროსაც.

ამ პლანეტის კვლევა დაგვეხმარება უკეთესად გავიგოთ, როგორ წარმოიქმნებიან და ვითარდებიან დედამიწის მსგავსი პლანეტები სხვა სისტემებში. ეს კი თავის მხრივ, მეცნიერებს ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლის აღმოცენების ალბათობის გარკვევაში დაეხმარება.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esahubble.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.