მაღალჩინოსანი, რომელიც სამხრეთკორეული მედიის ცნობით, შრომა-გასწორებით ბანაკში გაგზავნეს, კიმ ჩენ ინთან ერთად კონცერტზე გამოჩნდა
მაღალჩინოსანი, რომელიც სამხრეთკორეული მედიის ცნობით, შრომა-გასწორებით ბანაკში გაგზავნეს, კიმ ჩენ ინთან ერთად კონცერტზე გამოჩნდა

ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი, რომელიც სამხრეთკორეული მედიის ცნობით, შრომა-გასწორებით ბანაკში გაგზავნეს, კიმ ჩენ ინთან ერთად კონცერტზე გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას სამხრეთ კორეულმა სააგენტო „ჩოსუნმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰანოიში დონალდ ტრამპთან ჩაშლილი სამიტის შემდეგ, კიმ ჩენ ინმა ხუთი დიპლომატი სიკვდილით დასაჯა, ორი ადამიანი კი, შრომა-გასწორებით ბანაკში გაგზავნა. ბანაკში გაგზავნილთა შორის სამხრეთკორეული მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მარჯვენა ხელს, კიმ იონ ჩოლს ასახელებდა, რომელიც ჰანოის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა და ვაშინგტონსაც სტუმრობდა.

ჩრდილოკორეული მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში, კიმ იონ ჩოლი მუსიკალურ წარმოდგენას კიმ ჩენ ინთან ერთად ესწრება, თუმცა ფოტოში მას სახე ნაწილობრივ ხელებით აქვს დაფარული. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ცნობა, რომ კიმ იონ ჩოლი 2 ივნისს გამართულ კონცერტს დაესწრო, არ გამორიცხავს მისი ბანაკში გაგზავნის შესაძლებლობას. ბრიტანული მაუწყებელი აღნიშნავს, რომ ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსნების სიკვდილით დასჯისა ან ბანაკში გაგზავნის შესახებ ცნობები რთული გადასამოწმებელია.

ჰანოიში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართა. ფხენიანისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე უთანხმოების გამო სამიტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა.