ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელსაც, დასავლური მედიის შეფასებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობასთან ერთად, დღესვე მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს შორისაც აკეთებს არჩევანს.
პროგნოზირებენ, რომ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლები მოიპოვებენ, რამდენადაც მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრა.
როგორც მედია წერს, ოპოზიციურმა პარტიამ, „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისთვის“ გასულ თვეს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოსალოდნელზე მაღალი შედეგები აჩვენა, რაც ამომრჩეველთა იმედგაცრუებაზე მიუთითებს მმართველი სოციალ-დემოკრატების მიმართ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ ამომრჩევლების ხმათა 40.08%, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ 19.93% მიიღო.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა და 19 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც საარჩევნო კომისია პირველადი მონაცემების გამოცხადებას დაიწყებს.
ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი 2020 წელს გახდა, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაბრკოლებას საბერძნეთისა და ბულგარეთის მხრიდან შეხვდა.