ჭოუ ციენი - ევროპის ქვეყნებში სი ძინპინის ჩასვლა იყო მეგობრობის, ურთიერთნდობის განმტკიცების ვიზიტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და სამომავლო პერსპექტივებს საფუძველი ჩაუყარა
ჭოუ ციენი - ევროპის ქვეყნებში სი ძინპინის ჩასვლა იყო მეგობრობის, ურთიერთნდობის განმტკიცების ვიზიტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და სამომავლო პერსპექტივებს საფუძველი ჩაუყარა

5-10 მაისს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვია. ამ ვიზიტით კიდევ უფრო განმტკიცდა ჩინეთ-საფრანგეთის ურთიერთობები, გაძლიერდა ჩინეთ-სერბეთის ურთიერთობები, ამაღლდა ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობები და განახლდა ჩინეთ-ევროპის თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ელჩის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტის ჩასვლა ევროპის ქვეყნებში იყო მეგობრობის, ურთიერთნდობისა და რწმენის განმტკიცების ვიზიტი, რომელმაც სრულიად წარმატებით ჩაიარა და სამომავლო პერსპექტივებს საფუძველი ჩაუყარა.

„ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ეკონომიკურ გლობალიზაციასა და მრავალპოლუსიან მსოფლიოს. ევროპა ერთ-ერთ პოლუსს წარმოადგენს მულტიპოლარულ სტრუქტურაში. მასთან ურთიერთობა „ჩინური სპეციფიკით დიდი ქვეყნის დიპლომატიის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამასთან, ევროპა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ პროცესში“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთი პირველი დასავლური ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და „ყოველმხრივ სტრატეგიული პარტნიორობა“ დაამყარა.

„სი ძინპინის საფრანგეთში ვიზიტის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იყო. ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის ხანგრძლივი და მაღალი დონის სტრატეგიული კომუნიკაცია შედგა. ჩინეთის პრეზიდენტმა შეაჯამა დიპლომატიური ურთიერთობების 60-წლიანი ისტორია, მნიშვნელოვანი ღირებულებები და მისია. სი ძინპინმა ისაუბრა ე.წ. ოთხი აუცილებლობის და „ოთხი მიმართულებით ერთობლივად მოქმედების“ მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია: სუვერენიტეტის დაცვა, „ახალი ცივი ომის“ ან ბანაკებად დაპირისპირების ერთობლივად აღკვეთა, ურთიერთგაგების შენარჩუნება, ჰარმონიული თანაარსებობა, წინდახედულობა, თანასწორი და მოწესრიგებული მულტიპოლარულობის ხელშეწყობა, ურთიერთსარგებლიანობა, „კავშირების გაწყვეტის“ წინააღმდეგ ბრძოლა.

პრეზიდენტი მაკრონი პოზიტიურად გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის ღრმააზროვან ხედვებს. მან აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთი და საფრანგეთი წინამორბედთა საქმეს აგრძელებენ, ერთმანეთს პატივს სცემენ, სამომავლო პერსპექტივებზე მუშაობენ, თანამშრომლობას აძლიერებენ, აქტიურ როლს ასრულებენ გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და ბლოკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ამასთან, ბრიფინგზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი ჩინეთის მტკიცე მეგობარია. მისივე თქმით, ჩინეთს მტკიცედ და გულწრფელად აქვს გადაწყვეტილი ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

„სერბეთი იყო პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელთანაც „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ დამყარდა. ჩინეთ-სერბეთის მეგობრობამ გასულ საუკუნეში ომების გამოცდას გაუძლო და „კოვიდ-19“-თან ერთობლივი ბრძოლით კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა. პრეზიდენტ ვუჩიჩის მიწვევით, პრეზიდენტი სი ძინპინი კიდევ ერთხელ ესტუმრა სერბეთს. ორი სახელმწიფოს მეთაურები „ახალ ეპოქაში ჩინეთ-სერბეთის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ფორმირებაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტ სი ძინპინის თქმით, ჩინეთ-სერბეთის მტკიცე მეგობრობამ საერთაშორისო ვითარების კალეიდოსკოპურ ცვლილებას გაუძლო. ამ მეგობრობას ღრმა ისტორიული და პოლიტიკური საფუძვლები აქვს. იგი საერთო ინტერესებსა და ხალხის ნებას ემყარება. ჩინეთი მზად არის ორივე ქვეყნის გასავითარებლად და ეროვნული აღორძინების მისაღწევად მხარდამხარ იმუშაოს.

პრეზიდენტმა ვუჩიჩმა რამდენჯერმე ემოციურად აღნიშნა, რომ ჩინეთის თანასწორი დამოკიდებულება სერბეთისნაირ მცირე ზომის ქვეყანასთან სერბი ხალხის განწყობაზე აისახება; რომ სერბეთის ყველაზე გულითადი მეგობარი ჩინეთია. სერბი ხალხი მადლობას უხდის და პატივს სცემს ჩინეთსა და მის პრეზიდენტს და განსაკუთრებით ამაყია, რომ ჩინეთისნაირი დიდი ქვეყნის მტკიცე მეგობარია. სერბეთი მხარს დაუჭერს ჩინეთს მისი ძირითადი ინტერესების დაცვაში, მჭიდროდ ითანამშრომლებს მასთან სტრატეგიულ კოორდინაციაში, მასთან ერთად დაუპირისპირდება ჰეგემონიზმსა და ძალადობას, საერთაშორისო სამართალსა და მიუკერძოებლობას დაიცავს“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. წელს ამ თარიღიდან 75 წელი შესრულდა.

„75 წლის მანძილზე ჩინეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდა, პოლიტიკური ნდობა გაიზარდა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო, ორმხრივ ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდი დგას. ეს „ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების“ სანიმუშო მაგალითია. 2023 წელს უნგრეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი წყარო კვლავ ჩინეთი იყო. ჩინური ინვესტიციების შედეგად, უნგრეთი ევროკავშირის ლიდერია ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებაში და მომავალში, შესაძლოა, ელექტრომობილების ერთ-ერთი კომერციული ცენტრიც გახდეს ევროპაში.

უნგრულმა მხარემ მაღალ დონეზე შეაფასა ეს ვიზიტი. პრეზიდენტმა შუიოკმა და პრემიერმა ორბანმა ჩინეთის პრეზიდენტს ერთობლივი მოწვევა გაუგზავნეს და დახვედრის ცერემონიაც ერთად გამართეს. სი ძინპინს აეროპორტში დახვდნენ პრემიერ-მინისტრი ორბანი და საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო და მათვე გააცილეს. მხარეებს შორის ხანგრძლივი შეხვედრა და ჩინეთ-უნგრეთის სამომავლო ურთიერთობებზე სიღრმისეული დიალოგი შედგა. პრეზიდენტმა სი ძინპინმა მაღალ დონეზე შეაფასა პრემიერ-მინისტრ ორბანის ჩინეთისადმი მტკიცე მხარდაჭერა მისი ძირითადი ინტერესების დაცვაში. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინეთსა და უნგრეთს შორის „ახალ ეპოქაში საყველაამინდო და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარების საფუძველზე გაგრძელდება თანასწორობა, ურთიერთნდობა, ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთსარბელიანი თანამშრომლობა, სამართლისა და მიუკერძოებლობის დაცვა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ჩინეთი მიესალმება უნგრეთის თანამონაწილეობას „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ პროცესში. ჩინური მხარე უნგრეთთან ერთად გააგრძელებს სტრატეგიულ კოორდინაციას, თანაბარი და მოწესრიგებული მულტიპოლარული სამყაროს და ინკლუზიური ეკონომიკური გლობალიზაციის მხარდაჭერას, გლობალური მმართველობის უფრო სამართლიანი და გონივრული მიმართულებით განვითარებას. პრეზიდენტმა შუიოკმა და პრემიერ-მინისტრმა ორბანმა პოზიტიურად შეაფასეს სი ძინპინის გლობალური ინიციატივები. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნგრეთი არის ჩინეთის მტკიცე მეგობარი და ჩინეთს მისი ძირითადი ინტერესებისა და ლეგიტიმური უფლებების დაცვაში ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადეს. უნგრულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. იგი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ჯანსაღად და სტაბილურად განვითარებას და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩინეთთან თანამშრომლობას შეუწყოს ხელი“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ელჩის თქმით, პარიზში ყოფნისას, სი ძინპინმა საფრანგეთისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტებთან სამმხრივი შეხვედრაც გამართა.

„ჩინეთის პრეზიდენტმა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მამოძრავებელი ძალა და თანამშრომლობის არსი გაანალიზა. მან აღნიშნა, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის, როგორც ორი დიდი ძალის, ბაზრისა და ცივილიზაციის ურთიერთობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის მსოფლიოში. ჩინეთსა და ევროკავშირს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას და ფუნდამენტურ დონეზე ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ აქვს. ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ და არც ვისიმე გავლენას ან კონტროლს არ ექვემდებარება. მათ უნდა შეინარჩუნონ პარტნიორობა, განაგრძონ დიალოგი და თანამშრომლობა, გააღრმაონ სტრატეგიული კომუნიკაცია, განამტკიცონ სტრატეგიული კონსენსუსი და კოორდინაცია – ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების სტაბილურად და ჯანსაღად განვითარების ხელშეწყობის და მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაში ახალი ძალისხმევის შეტანის მიზნით“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.