ჭონქაძეზე კლდის ჩამოშლის მიზეზი წინასწარი მონაცემებით, წვიმა და სტიქიური მოვლენები გახდა
გაგრძელდება თუ არა ყიფიანისა და ჭონქაზის ქუჩაზე, კლდის ჩამონგრევის შედეგად შეწყვეტილი სასტუმროს მშენებლობა, უახლოეს ერთ თვეში გაირკვევა. როგორც სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ“ გრუპის ხელმძღვანელმა, ბეჟან წაქაძემ პირველ არხთან განაცხადა, ამ დროისთვის კლდის ჩამონგრევის ფაქტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები სწავლობენ.
ექსპერტები საბოლოო დასკვნებს თვის ბოლომდე დადებენ, თუმცა კომპანიის დირექტორის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კლდის ჩამოშლის მიზეზი წვიმა და სტიქიური მოვლენები გახდა.
მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიას სასტუმროს ასაშენებლად დამოუკიდებელი გეოლოგიური ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა ჰქონდა მერიაში წარდგენილი, თუმცა მომხდარის გამო ის ხელახალ შესწავლას საჭიროებს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში ლოკალიზაციის, გეოლოგიისა და გამაგრებითი პროექტის შესახებ დადებენ დასკვნებს, რომლებიც შემდეგ მერიის შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნებათ.
მერია ამის შემდეგ გადაწყვეტს, მიეცემა თუ არა კომპანია ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპს ყიფიანისა და ჭონქაძის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობის გაგრძელების უფლება.
ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებეულია.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია სასტუმროს აშენებს, კლდის საკმაოდ დიდი მასა ჩამოიშალა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კლდის ჩამოშლის ვიდეო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, მშენებლობის ნებართვა თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დროს გაიცა. მათივე თქმით, მშენებლობას ნებართვის გაცემის დღიდან აპროტესტებენ და სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს. თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტის ფონზე მერიამ დეტალურად შეისწავლა დოკუმენტაცია და ხარვეზი ვერ აღმოაჩინა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საკითხის შესწავლა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა.