ჩოხატაურის მერიასთან შეკრებილი მუსლიმი თემის წარმომადგენლები კიდევ ერთი შეხვედრის გამართვას ითხოვენ
ჩოხატაურის ცენტრში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მუსლიმი თემის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. ისინი მერიასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს.
„ჩვენთვის არადამაჯერებელია გუშინდელი შეხვედრა. ველოდებით მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები, საპატრიარქო და სამუფთო, ცენტრალური ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ეს საკითხი არ გადაწყდება. სახელმწიფოდან, იმისგან, ვინც იქნება პასუხისმგებელი პირი, ვითხოვთ, მუსლიმებს არა მარტო ამ სოფელში, მთელ ქვეყანაში მოგვეცეს ღვთისმსახურების საშუალება“, – განაცხადა აჭარის მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა, ფირუზ წულუკიძემ.