ჩოხატაურის მერი აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.
„არის საკითხები, რომლებზეც თანხმდებიან. არის საკითხები, რომლებზეც ვერ თანხმდებიან. სამწუხაროდ, გუშინ მოხდა ინციდენტი, რამაც გაართულა მოლაპარაკებები. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ერთი სისხლისა და ჯიშის. შესაბამისად, უნდა გამოვნახოთ საერთო ენა. ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება გუშინ მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ბუკნარში დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.
დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.