ჩინური Sinovac-ის ვაქცინამ ბრაზილიაში მიმდინარე ცდაში 78-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა — #1tvმეცნიერება
ბრაზილიაში მიმდინარე კლინიკური ცდების დასკვნითი ფაზის მიხედვით ირკვევა, რომ ჩინური კომპანია Sinovac Biotech Ltd.-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა 78 პროცენტით ეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ წინა მონაცემები ამ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ გარკვეულ ეჭვებს აღძრავდა.
თავდაცვის მაჩვენებელს, რომელსაც ვაქცინა ადამიანს ანიჭებს, სან-პაულუს შტატის ხელმძღვანელობა ადასტურებს; კლინიკური ცდების ფინალური ფაზა ბრაზილიაში ჩატარდა და მასში 13 000 მოხალისე მონაწილეობდა. Sinovac-ის ვაქცინის ეფექტიანობა მაინც დაბალია, ვიდრე Pfizer Inc.-ისა და Moderna Inc.-ის mRNA ვაქცინების შემთხვევაში, რომლებმაც 95-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა და მრავალ ქვეყანაში საგანგებო გამოყენების ავტორიზაციაც გაიარა.
სან-პაულუს ბიოლოგიური კვლევითი ცენტრის — ბუტანტანის ინსტიტუტის დირექტორის, დიმაშ კოვაშის განცხადებით, Sinovac-ის ვაქცინა 78 პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების პრევენციაში, მწვავე და საშუალო ინფექციების წინააღმდე კი 100-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა. Sinovac-თან პარტნიორობის ფარგლებში, ბუტანტანის ინსტიტუტმა ვაქცინა ადგილობრივად დაამზადა. კლინიკური ცდების მესამე ფაზაში დაინფიცირდა 220 მონაწილე, რომელთაგან 160 პლაცებოს ჯგუფში იყო, 60 კი ვაქცინის.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაჩვენებლები ვაქცინის აშკარა ეფექტიანობაზე მიუთითებს, სრულ სურათს მაინც ვერ გვთავაზობს. უცნობია, როგორ დაიანგარიშეს ბრაზილიელმა მკვლევრებმა ეფექტიანობის მაჩვენებელი, რადგან არ გამოქვეყნებულა უფრო დეტალური მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ასაკობრივი ჯგუფებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ. ამ ეტაპზე უცნობია ისიც, როდის გამოქვეყნდება სრული დოკუმენტაცია.
დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ როგორც ბუტანტანის ინსტიტუტი, ისე პეკინში ბაზირებული Sinovac-ი.
ვაქცინების ჩინური მწარმოებლის მიერ ინფორმაციის დროულად და აშკარად გამოუქვეყნებლობამ მისი ვაქცინისადმი ნდობა შეამცირა. გასულ თვეში, Sinovac-ის ცდების შესახებ გამოქვეყნებულმა არასრულმა და წინააღმდეგობრივმა ინფორმაციამ მისი ვაქცინის, სახელად CoronaVac-ის ეფექტიანობის შესახებ გარკვეული დაბნეულობა შექმნა.
ბრაზილიაში მიღებულ შედეგებს დეტალურად აკვირდებიან სხვა ქვეყნების მარეგულირებლებიც, სადაც Sinovac-ის ვაქცინის ცდები ასევე მიმდინარეობს. მიზეზი ის არის, რომ ბრაზილიაში ჩატარებული ცდა მათ შორის ყველაზე დიდი იყო და 12 476 ადამიანი მონაწილეობდა. 24 დეკემბერს თურქეთმა განაცხადა, რომ ვაქცინამ 91,25-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა, მაგრამ ეს მაჩვენებელი პატარა კლინიკური ცდის პირველად შედეგებს ეყრდნობოდა.
კიდევ ერთმა ჩინურმა ვაქცინამ, რომელიც სახელმწიფო კომპანია China National Biotec Group Co.-მ შექმნა, 79,3-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა.
Sinovac-ის და CNBG-ის ვაქცინები ორგანიზმის იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის კორონავირუსის ინაქტივირებულ ვერსიას იყენებს. მათი შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე, რის გამოც ისინი უფრო ადვილად გასანაწილებელია, ვიდრე mRNA ვაქცინები, რომლებიც ძლიერ დაბალ ტემპერატურას მოითხოვს.
იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც Sinovac-ს ჩინეთში აქვს, წელიწადში 600 მილიონი დოზის წარმოება შეუძლია. კომპანიას შეკვეთები უკვე მიღებული აქვს იმ ქვეყნებისგან, სადაც მისი ვაქცინის ცდები მიმდინარეობს — ბრაზილიისგან, თურქეთისგან და ინდონეზიისგან. Sinovac-ი ვაქცინას ასევე მიაწვდის კონტინენტურ ჩინეთს, ჰონგ-კონგსა და სინგაპურს.
მომზადებულია bloomberg-ისა და The New York Times-ის მიხედვით.